„ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“

დღეს, 17:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქვის სახარების გამოფენა–პრეზენტაცია სახელწოდებით: „ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ გაიმართება. სახარების ფურცლები ფართო საზოგადოებისთვის ათწლეულების მანძილზე პირველად გამოიფინება. ოთხთავი აფხაზეთში, 1300 წელს, მოქვის ღვთისმშობილის ტაძრისთვის, დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით გადაწერილი, ეტრატზე ნუსხურით შესრულებული, მდიდრულად მოხატული და გაფორმებული უნიკალური ხელნაწერია. მასში არსებული ოქროს ფირფიტებზე მოხატული, გასხვავებული ტექნიკით შესრულებული მინიატურების, საზედაო ასოების და თავსამკაულების რაოდენობა 531 შეადგენს.
მდგომარეობის დადგენის შემდეგ, შემოსული თანხით შესაძლებელი გახდა, დაწყებულიყო რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი უნიკალური ხელნაწერის რეაბილიტაციისათვის. კვლევებით დადგინდა, რომ ხელნაწერის ფურცლების 98,4% მოითხოვდა სტაბილიზაციას. 157 მინიატურიდან კი 115-ის კონსოლიდირება იყო საჭირო. 2013 წლის თებერვალსა და ოქტომბერში პროექტის ფარგლებში ანდრეა პატაკმა, ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მინიატურების კონსერვაცია მოახდინა. სამუშაოები ჩატარდა თანამედროვე მასალებისა და მეთოდების გამოყენებით.
კონსერვირებული სახარების დიგიტალური ასლი მზად არის და სამომავლოდ დაგეგმილია ფაქსიმილური ხელნაწერის გამოცემა.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. სახარება, როგორც აღნიშნულია, პირველად გამოფინება. შემდგომში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ექსპონირება იშვიათად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები