თბილისის მეტრო ორ ტერაქტს გადაურჩა

თბილისის მეტრო 2012 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში ორ ტერაქტს გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. როგორც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, თბილისის მეტროში ორი ტერაქტი უნდა განხორციელებულიყო, რადგან მათ ის მარშრუტი ამხილეს, რა გზითაც მიერეკებოდნენ კავკასიელებს სირიაში სასაკლაოზე საქართველოდან თურქეთის გავლით.
– როდის უნდა მომხდარიყო ეს ორი ტერაქტი თბილისის მეტროში? – როგორც კი ჩვენ ამ საქმეში გამოვჩნდით, მაშინვე გვირჩიეს, დავკავშირებოდით ორ ადამიანს ისლამურ სამყაროში, მორალურ ლიდერებს. მათთან სამკვირიანი დავის, ჩხუბისა და მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ საქართველოს მოსახლეობა არაფერ შუაში იყო მომხდართან და თუ ვინმეს დაღვრილი სისხლის გამო შურისძიება უნდოდა, მას შური უნდა ეძია და სისხლი აეღო იმ კონკრეტული პირებისგან, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერები და მითხრეს, რომ აღარ გაიცა ბრძანება თბილისში ტერაქტების დაწყებაზე. – როდის გვემუქრებოდა ეს ტერაქტები? – 2012 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში. სწორედ მაშინ გადაურჩა თბილისი მეტროში ტერაქტს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. – დღეს ეს საფრთხე აღარ არსებობს? – შურისძიების გრძნობა არ ჩაცხრა. ყველა გამოძიების შედეგებს ელოდება. ჩრდილოკავკასიელებს ქართველებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდათ პროვოკატორების გამო. სხვათა შორის, ისინი თავიანთ პროვოკატორებსაც ასახელებენ. არ გეგონოთ, რომ მარტო ქართველებს, რუსებსა და თურქებს ასახელებენ, რომლებიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, თუ დასკვნა არ დაიდება, ჩვენი კავკასიელი მეზობლების ინტერესები შეილახება და მათი სამართლიანი მოთხოვნის იგნორირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ყრილობა ისევ გაიხსნება. ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო 2012 წელს, ის ისევ მოახერხებს ინციდენტების პროვოცირებას. გაუჭირდებათ, თუ 90-იანი წლებიდან დღემდე ერთი და იგივე ილეთით არ გვამარცხებენ? – ვის გულისხმობთ? ვისგან შეიძლება წამოვიდეს იგივე საფრთხე? – იგივე სპეცსამსახურებიდან შეიძლება წამოვიდეს ეს საფრთხე და ახლა უკვე რადიკალური ისლამის მეომრებისგან, რომლებმაც სირია მიწასთან გაასწორეს და ნახევარი ერაყი დაიპყრეს. – ეს საფრთხე რეალურია? – რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია. როდის არ იყო რადიკალური ისლამისტებისგან საფრთხე? ახლა მით უმეტეს, როცა საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეა გამრავლებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებსაც უჭირთ მათთან გამკლავება. – დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის დასაწყისს: თქვენ თქვით, რომ, თქვენი ინფორმაციით, საქმე გამოძიებულია და არ ხმაურდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? – ეს ჩვენი აზრია. ამ საქმეში ყველაფერი ნათელია. როდესაც ჩეჩნების მიერ შექმნილმა კომისიამ ეს საქმე გამოიძია, მათ პირდაპირ დაადეს ხელის რუსეთის სპეცსამსახურებს. შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად თურქეთის სპეცსამსახურებიც დაადანაშაულეს. ამ ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელების შემდეგ ძალიან მალე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში ატვირთა რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ წარმომადგენლების შეხვედრა ეთნიკურ კავკასიელებთან და მათი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგში გამოიკვეთა, რომ ამ საქმეს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. მეტიც, აგენტიც კი ჰყავდათ ჩანერგილი მებრძოლების რაზმში. ამით თურქეთის სპეცსამსახურებმა ეთნიკური კავკასიელებისა და მუსლიმანების წინაშე თავი იმართლეს, – ჩვენ მიმართ პრეტენზიები ნუ გექნებათ, არაფერ შუაში ვართ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთანო. ამას, ალბათ, დაემატება რომელიმე ისლამური სახელმწიფოს სპეცსამსახურები და კიდევ სირიის მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები. ეს ისეთი თემაა, რომ ამაზე მეტის თქმის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები