გოგა ხაჩიძემ პატრულთან სასამართლო პროცესი წააგო

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ პატრულთან სასამართლო პროცესი წააგო. ამის შესახებ ინფორმაციას, გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. მიმდინარე წელს პარლამენტის წევრი თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე პატრულმა ღერძულა ხაზის ორჯერ გადაკვეთის გამო დააჯარიმა. დეპუტატმა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა ვიდეო, სადაც ჰყვებოდა, რამდენი წუთის განმავლობაში ჰყავდა პატრულს ის გაჩერებული და ამტკიცებდა, რომ იმ ადგილას ღერძულა ხაზი საერთოდ არ არსებობდა. სამართალდამცველის მტკიცებით, დეპუტატმა საგზაო მოძრაობის წესები სხვა მონაკვეთზე დაარღვია, რაც კონკრეტულად იმ მონაკვეთზე მოძრავმა ეკიპაჟმა დააფიქსირა და კოლეგებს შეატყობინა.
დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პატრულის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რადგან მიაჩნდა, რომ უკანონოდ დააჯარიმეს. საკითხი პატრულის სასარგებლოდ გადაწყდა და ჯარიმა ძალაში დატოვეს.
ხაჩიძე სასამართლო პროცესის წაგების ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„როგორც იცით, ზესტაფონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი… ვინაიდან ახლა ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, აღარ ვაპირებ აღნიშნულ საკითხზე კამათს და რამის მტკიცებას“, – წერს ხაჩიძე.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, სასამართლო პროცესზე მოხდა აღნიშნული ვიდეოს წარმოდგენა, სადაც დამტკიცდა, რომ ხაჩიძემ ორჯერ გადაკვეთა ღერძულა ხაზი, თუმცა არა იმ მონაკვეთში, რომლის ვიდეოც თავად გაავრცელა, არამედ მანამდე გავლილი ავტომაგისტრალის მონაკვეთზე.
სასამართლო პროცესზე დამსწრეთა განცხადებით, ხაჩიძემ დეტალების გარკვევის შემდეგ საკუთარი ბრალეულობა აღიარა, თუმცა ხმამაღლა ბოდიში არ მოიხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ინფორმაციის გავრცელების დროს მან სამართალდამცავების სამართლიანობაზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა და, რაც მთავარია, ხაჩიძეს არსად არ აღუნიშნავს, რომ პატრულის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებში კარგად ჩანს, როგორ არღვევს ის საგზაო წესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები