გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს სასამართლო პროცესია ჩანიშნული

პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 10 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მომჩივანი ავთანდილ კახნიაშვილი ითხოვს, რომ პროცესს თავად გიორგი მარგველაშვილიც დაესწროს და პირადად გასცეს პასუხები კითხვებზე. კახნიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი გაყალბებული დოკუმენტაციით მოხვდა. საუბარია ვახტანგ მჭედლიშვილზე. იურისტის მტკიცებით, მჭედლიშვილი სავალდებულო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ხოლო რეკომენდაცია, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა გაუწია, მეგობრობის წყალობით არის მოპოვებული.

ავთო კახნიაშვილი, იურისტი: „პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ შეამოწმა მჭედლიშვილის დოკუმენტაცია და მან წარადგინა ისე, რომ არ შეუმოწმებია, ან შეამოწმა და შეგნებულად დახუჭა თვალი გაყალბებულ დოკუმენტაციაზე. ვახტანგ მჭედლიშვილი არის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მეგობარი. არ ვიცი, შეიძლება სწორედ ირაკლი ბურდულმა სთხოვა პრეზიდენტს მჭედლიშვილის შესახებ, ან კიდევ სხვამ, მაგრამ ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მეშვეობით მოხვდა ადამიანი, რომელსაც იურიდიული განათლებაც კი არ აქვს. ეს ადამიანი დღეს უკანონოდ იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან. მივმართე პრეზიდენტს, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ იძულებული გავხდი, სასამართლოსთვის მიმემართა. როცა პრეზიდენტი ადამიანს თანამდებობაზე ნიშნავს, მასზე პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს? ეს არის ფაქტი, სადაც იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ გაყალბებული დოკუმენტები დადასტურებულია. სულ ხუთი ცნობა იყო საჭირო და ხუთივე ცნობა ყალბია. არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი, რა თქმა უნდა. მე მივმართე იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ეთიკის კომისიას, ასევე, უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ლადო პაპავას – არც ერთ ნაბიჯს რეაგირება არ მოჰყოლია.
– ვინ წარადგინა ვახტანგ მჭედლიშვილი და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ის იუსტიციის საბჭოში?
– რეკომენდაცია შესრულებულია იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ. კანონის თანახმად, კანდიდატი უნდა ყოფილიყო სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი. კონკურსის შესახებ პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებაც გამოიცა. პირველი დარღვევა, რაც დოკუმენტაციაში ფიქსირდება, არის ის, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი აღნიშნულ პიროვნებას რეკომენდაციას უწევს ფაკულტეტის საბჭოს სახელით. რეალურად ფაკულტეტის საბჭოს სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ეს ადამიანი მუშაობდა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად, რეალურად ის არ მუშაობდა ამ თანამდებობაზე ათი წლის განმავლობაში, რაც სავალდებულო მოთხოვნა იყო. ანუ ათწლიანი სტაჟი არ აქვს მჭედლიშვილს. ასევე, წერია, რომ ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. როგორც ირკვევა, ამ ადამიანს არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ აქვს გამოქვეყნებული, მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი სწავლობდა ასპირანტურაში და შემდგომ შვიდი წელი იყო დოქტორანტურაში.
– ამის დადასტურება როგორ შეგიძლიათ?
– სამჯერ მივმართე განცხადებით იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და მოვითხოვე, ჩემთვის გადმოეცათ მჭედლიშვილის სამეცნიერო ნამუშევრები, მაგრამ არ გადმომცეს, ან რას გადმომცემდნენ რაც არ არსებობს? გარდა ამისა, რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მჭედლიშვილი ეწევა ადვოკატობას და თანაც წარმატებულს. ეს ყველაზე საინტერესო დეტალია, რადგან წარდგენილ დოკუმენტაციაში ნამდვილად არის საადვოკატო საქმიანობა ჩაწერილი, თუმცა არა მჭედლიშვილის.
– აბა, ვისი?
– სხვა ადვოკატების საქმიანობაა ჩაწერილი
– კონკრეტულად ვისი?
– დავით ლანჩავას, ირაკლი ყანდაშვილისა და როინ მიგრაულის. იმედი ჰქონდათ, რომ ეს არ გახმაურდებოდა. გამოცდილება ორმოცდაშვიდ გვერდზეა ჩამოწერილი და არც ერთი მჭედლიშვილის არ არის.
– თქვენ საჩივარი შეტანილი გაქვთ როგორც პრეზიდენტის, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის წინააღმდეგ?
– დიახ, ასეა. ვითხოვ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება. არ შეიძლება, იურისტები აღზარდოს ადამიანმა, რომელიც თავად აყალბებს დოკუმენტაციას. რაც შეეხება პრეზიდენტს, თვითონ პრეზიდენტი გამოცხადდეს სასამართლოში, რა მოხდება? ნახოს, როგორ მუშაობს სასამართლო. საზოგადოებას გასცეს პასუხი, ადამიანი გაყალბებული საბუთებით რომ დანიშნა, იღებს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას. ცხადია, სრული პასუხისმგებლობა მას და მის გარემოცვას ეკისრება. სასამართლო პროცესი 10 ოქტომბრისთვის გადადეს, 26 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თანაც მხოლოდ 45 წუთი იყო მითითებული საქმის განხილვისთვის. როდესაც დავინტერესდი, რატომ იყო ასე მცირე დრო გამოყოფილი, მაშინ როდესაც მხოლოდ სარჩელი იყო დაახლოებით ორმოცგვერდიანი, მოსამართლემ მიპასუხა, ქვეყანაში გაცილებით სერიოზული საქმეებია, ვიდრე ეს საკითხიო. ვფიქრობ, გადაწყვეტილება წინასწარ იყო მოსამართლისთვის ცნობილი. იმის მაგივრად, რომ ადმინისტრაციული აქტის მოქმედება შეეჩერებინა, ანუ პრეზიდენტის განკარგულება, რის შედეგადაც მჭედლიშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდებოდა, მოსამართლე ნინო ქადაგიძე, პირიქით, პროცესს აჭიანურებს.
თავად ბურდული კახნიაშვილის საქციელს წაგების სიბრაზით ხსნის. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, კონკურსში, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის გამოსავლენად, ავთო კახნიაშვილიც მონაწილეობდა. კახნიაშვილმა კონკურსი ვერ გაიარა და ირაკლი ბურდულის განცხადებით საჩივრის შეტანის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. გარდა ამისა, დეკანის განცხადებით, მჭედლიშვილს აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და რომც არ ჰქონდეს, ჯერჯერობით, მისი სტატუსიდან გამომდინარე, არც მოეთხოვება.
ირაკლი ბურდული, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი:
– იუსტიციის საბჭოში წევრების წარდგენის უფლება სხვა ინსტიტუციებთან ერთად პრეზიდენტსაც აქვს. საბჭოში ორი ადამიანი ინიშნება სწორედ პრეზიდენტის კვოტით. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ორი წევრი პირდაპირი წესით კი არ დაენიშნა, არამედ კონკურსი ჩაეტარებინა. რამდენიმე კანდიდატი იყო წარდგენილი, მათ შორის თავად ავთო კახნიაშვილიც. ამ კანდიდატებს მოეთხოვებოდათ გარკვეული წინაპირობები. ზოგიერთი მოთხოვნა იყო სავალდებულო და ზოგიერთი მათგანი ფაკულტატური რეკვიზიტები იყო. სავალდებულოში იგულისხმებოდა პირადობის მოწმობა, განცხადება და ასე შემდეგ, ხოლო ფაკულტატური სავალდებულო არ ყოფილა. სწორედ ფაკულტატურ რეკვიზიტებში შედიოდა რეკომენდაციებიც. ვახტანგ მჭედლიშვილს ორივე ჰქონდა წარდგენილი. ვახტანგ მჭედლიშვილი ჩვენი დოქტორანტია და, შესაბამისად, არის ასისტენტ-პროფესორი უკვე ძალიან დიდი ხანია.
– რომელი წლიდან?
– ზუსტად არ მახსოვს, 2004-2005, მაქსიმუმ 2007 წლიდან. შესაბამისად, ჩვენ მჭედლიშვილს მივეცით რეკომენდაცია და პირადად მე მოვაწერე ხელი. მე ვარ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, უკვე მეორეჯერ არჩეული ფაკულტეტის საბჭოს მიერ და პარალელურად მე ვარ ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე. განათლების შესახებ კანონით, ვინც არის ფაკულტეტის დეკანი, პარალელურად არის საბჭოს თავმჯდომარეც. შესაბამისად, მე ვხელმძღვანელობ ფაკულტეტის საბჭოს მიერ ჩატარებულ სხდომებს. რეკომენდაცია ყოველთვის ატარებს სუბიექტურს ხასიათს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რაც რეკომენდაციაში წერია, არასწორი ინფორმაციაა, ეს უბრალოდ ჩემი შეფასებაა. რეკომენდაციაში წერია, რომ ვახტანგ მჭედლიშვილი უკვე დიდი ხანია მუშაობს ასისტენტ-პროფესორად და ეს სიმართლეა, ასევე, წერია, რომ მჭედლიშვილს დიდი გამოცდილება აქვს და ესეც, რა თქმა უნდა, სიმართლეა, ვახტანგ მჭედლიშვილი დიდი ხანია, საადვოკატო საქმიანობას ეწევა და ამის შემოწმებაც მარტივია.
– თუმცა კახნიაშვილი ირწმუნება, რომ მას არ აქვს საადვოკატო გამოცდილება და სხვა ადვოკატების საქმეები აქვს მიწერილი.
– სისულელეა, ეს შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ. ასე მეც შემიძლია ვილაპარაკო ვიღაცებზე, რაც მინდა, და არ დავამტკიცო.
– სამეცნიერო ნაშრომებზეც ამბობს, რომ მჭედლიშვილს არ აქვს…
– სამეცნიერო ნაშრომებზე არ ყოფილა საუბარი, რეკომენდაციაში არ წერია, რომ ვახტანგ მჭედლიშვილს აქვს სამეცნიერო ნაშრომები. ეს ასისტენტ-პროფესორს არც მოეთხოვება, თუმცა მჭედლიშვილი გერმანიაში იმყოფებოდა და სწორედ იქ მუშაობდა თავის სამეცნიერო ნაშრომზე, დისერტაციაზე, რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა კონფერენციაზე. მე ყველაზე ვარ პასუხისმგებელი, ვინც ჩვენს ფაკულტეტზე მუშაობს. კახნიაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩემი რეკომენდაციაც წარადგინა, თუმცა სასამართლოს მე არც დავუბარებივარ, რადგან აღნიშნული რეკომენდაციის გარეშეც მიიღებდა პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მჭედლიშვილის შესახებ, რადგან რეკომენდაცია სავალდებულო არ იყო. რაც შეეხება თავად კახნიაშვილს, ინტერესთა კონფლიქტი ხომ იცით, რა არის? ის თავადაც მონაწილეობდა კონკურსში, ვერ გაიმარჯვა და გაბრაზებულია. სწორედ ამიტომ ჩივის. დაიქცეოდა ქვეყანა, ის რომ გასულიყო იუსტიციის საბჭოს წევრად. ავთო კახნიაშვილი ძალიან დიდი ხნის წინ იყო უნივერსიტეტში, როდესაც საგანმანათლებლო სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა, დაიწყო რეფორმა, ჩატარდა კონკურსები და კახნიაშვილმა ეს კონკურსები ვერ გაიარა. მას შემდეგ ის სულ ჩივის, ხან ვის უჩივის და ხან – ვის.
ცნობისთვის, მჭედლიშვილი ხუთწლიანი ვადით არის არჩეული და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადა 2019 წელს ამოიწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები