ფინეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ბალტიის ზღვაში სატელეკომუნიკაციო კაბელების დაზიანება დივერსიაა
ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაიაკიანენის აზრით, სატელეკომუნიკაციო კაბელების დაზიანება დივერსიაა,- ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ჰაიაკიანენის თქმით, ევროკავშირმა და ნატომ ზომები უნდა მიიღონ, რათა წინ აღუდგნენ ჰიბრიდულ საფრთხეებს და დაიცვან კაბელები. მისი მტკიცებით, ნატომ და ევროკავშირმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ევროპაში დივერსიების განხორციელების სურვილი და შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ ამ დაზიანებებს იმ კუთხით, რომ ეს არის დივერსია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმე გვქონდეს რაღაც ბუნებრივ მოვლენასთან.
ეს წყალქვეშა კაბელები, როგორც ჩანს, დასაცავად ძალიან რთულია, რადგან ისინი საერთაშორისო წყლებში, ზღვის ფსკერზეა განლაგებული“, – აცხადებს ფინეთის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვასა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი კაბელიც დაზიანდა. ორივე კაბელი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის.