პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„პოტენციური მოწინააღმდეგის გარანტირებული შეკავება აგრესიისგან რუსეთის ფედერაციის და/ ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს. აგრესიის შეკავება უზრუნველყოფილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო სიძლიერის ერთობლიობით, მათ შორის ბირთვული იარაღით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში მითითებულია ბირთვული შეკავების მახასიათებლები და მოყვანილია ის პირობები, რის შემთხვევაშიც რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადავა: სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში ატარებს თავდაცვით ხასიათს; რუსეთი განიხილავს ბირთვულ იარაღს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენებაც უკიდურესი და იძულებითი ზომაა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღი შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რომელიც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ: სახელმწიფოების, ბლოკებისა და კავშირების, რომლებიც რუსეთს მიიჩნევენ, როგორც მოწინააღმდეგეს.
ბირთვული შეკავება მიმართულია იმისკენ, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ესმოდეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო შურისძიება გარდაუვალია. სამხედრო კონფლიქტის დროს სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში იძლევა საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას, რუსეთისთვის მისაღები პირობებით.
ბირთვული შემაკავებელი ძალების გარკვეული ნაწილის მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება, რუსეთის ბირთვული შეკავების პრინციპების ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელშიც ასევე წერია, რომ რუსეთი მიმართავს ყველა ძალისხმევას ბირთვული საფრთხის შემცირებისთვის.