ოთხი სცენარი საქართველოსთვის ანუ, როგორ დასრულდება პოლიტიკური კრიზისი?! – 2008 წლის “დეჟავიუ”, “კოჭლი” პარლამენტი თუ “დარტყმა” დასავლეთიდან?!
გასულ კვირას ოპოზიციურ ფლანგზე დიდი კამათი მიმდინარეობდა, შეეძლო თუ არა ოპოზიციას ისე ეთქვა მანდატებზე უარი, რომ პარლამენტი ქმედუუნარო ყოფილიყო და თავისი ლეგიტიმაცია ვერ ეცნო. ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
როგორც ამავე სტატიაშია ნათქვამი, ამას მხოლოდ კანონის რამდენიმე მუხლის წაკითხვა უნდოდა. თუ დამარცხებულ პარტიას მანდატებზე უარის თქმით შეეძლება პარლამენტის პარალიზება, მაშინ გამოდის, რომ შეიძლება პარლამენტი წლების განმავლობაში ვერ შეიკრიბოს. წააგებ – უარი თქვი მანდატებზე და დაელოდე ახალ არჩევნებს, კიდევ წააგებ – კიდევ უარი თქვი და დაელოდე, სანამ არ მოიგებ, მაგრამ შემდეგ უკვე წაგებული იტყვის უარს და ა.შ. ამ დისკუსიაში ჩაბმული იყვნენ ადამიანები, რომელთაც მაღალკვალიფიციურ იურისტობაზე აქვთ პრეტენზია.
“2020 წელს (ოპოზიცია მაშინაც არ აპირებდა პარლამენტში შესვლას) ერთი ოპოზიციონერი აცხადებდა, ისე არ გამოვიდეს, ყველა შევიდეს და მე დავრჩე გარეთო. ოპოზიციურ გაერთიანებებს ერთმანეთში ეჭვი ეპარებათ და ამაზე აშკარად მიანიშნებენ. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განვითარება/დასრულების ოთხი სავარაუდო სცენარია.
სცენარი პირველი – განმეორდება 2008 წლის ამბები
ჩვენ ვწერდით, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “გაერთიანებულმა ოპოზიციამ”, (რომელიც მაშინ სააკაშვილის პარტიის მთავარი კონკურენტი იყო) არ ცნო არჩევნების შედეგები და პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. მეტი დამაჯერებლობისთვის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრებმა მომიტინგეების თვალწინ დეპუტატის მანდატები დაჭრეს. თუმცა…
პირველი პარლამენტში შევიდა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” (თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ის ემიჯნებოდა “გაერთიანებული ოპოზიციის” აქციებს და შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ორჭოფული პოზიცია ჰქონდა), შემდეგ კი მათ შეუერთდა ოთხი დეპუტატი “გაერთიანებული ოპოზიციიდან”. მათი შესვლის მოტივებზე ბევრი ჭორი დადიოდა, რომელსაც ჩვენ არ გავიმეორებთ… საბოლოოდ, სააკაშვილმა მაინც მოახერხა მრავალპარტიული პარლამენტის შეკოწიწება. “გაერთიანებული ოპოზიცია” დაიშალა. საბოლოოდ 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაიბრძოლეს (გახსოვთ, ალბათ, საკნების ქალაქის ამბები), შემდეგ კი, სამწუხაროდ, დაადგნენ გამარგინალიზების გზას.
მოიძებნებიან თუ არა ოთხ ოპოზიციურ კოალიციაში თანამედროვე “ქრისტიან-დემოკრატები” და ინდივიდუალისტები, რომლებიც პარლამენტში შევლენ, ამას დრო გვაჩვენებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის თაობაზე პარტიები ერთმანეთზე ეჭვიანობენ.
სცენარი მეორე და ყველაზე არარეალური
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნების ლეგიტიმურობას. მაშინაც, არცთუ ისე ცოტა ოპოზიციონერმა ოფიციალურად უარი თქვა მანდატებზე. თუმცა საქმეში ჩაერთო საერთაშორისო მედიაცია – ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, თუნდაც საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტი რად ღირს…
ეს პოლიტიკური კრიზისი 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ გაფორმდა მხარეებს შორის ცნობილი ხელშეკრულება და საბოლოოდ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.
დღეს მოვლენების ასე განვითარება ძალიან ძნელად წარმოსადგენია. კერძოდ, მმართველი პარტიისა და დასავლური პოლიტიკური წრეების ურთიერთობას თუ გავითვალისწინებთ, საოცარი იქნება, მან რომელიმე ქვეყნის ელჩი მედიატორად მიიღოს. მაგრამ სხვა სცენარიც არ გამოვრიცხოთ.
კერძოდ, დასავლეთის ბოლოდროინდელ განცხადებებში კვლავ წინა პლანზეა წამოწეული ე.წ. აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლის კანონების გაუქმების აუცილებლობა. მმართველი ძალა გაცხადებულად უარს ამბობს, თუმცა ზოგჯერ “გაუშვებს” ხოლმე
მესიჯებს, დიალოგისთვის მზად ვართო. შესაძლოა ალბათობის თეორიებში ძალიან ღრმად შევდივართ, მაგრამ…
შესაძლოა “იქს” დღეს ხელისუფლებამ ეს კანონები გააუქმოს, “კომპენსაციისთვის” კი უცხოელმა დიპლომატებმა ოპოზიციას “დაჟინებით ურჩიონ” პარლამენტში შესვლა. სცენარი მესამე – “კოჭლი” პარლამენტი,
მოვლენების განვითარების კიდევ ერთი ალბათობა ასეთია – ოპოზიცია ინარჩუნებს პრინციპულობას და პარლამენტი რჩება “ოცნების” 89 დეპუტატის ამარა. პარლამენტი შეეცდება მუშაობის გაგრძელებას – მთავრობის დაკომპლექტებას, ბიუჯეტის დამტკიცებას და ორგანული კანონების მიღებას 76 ხმა სჭირდება. რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი საერთაშორისო არენაზე უხერხულობას შექმნის.
პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე შეიძლება პროცესი 2025 წლის შემოდგომამდე მივიდეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს.
ოპოზიცია დადგება დილემის წინაშე – მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა არსებული ცესკოს პირობებში თუ მას ბოიკოტი გამოუცხადოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე ახალი არჩევნების ბოიკოტის თაობაზე შესაძლოა კოალიციებისა თუ პარტიების პოზიციები აღარ იყოს ერთიანი. შესაბამისად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შესაძლოა ქვეყანაში დაეცეს დუღილის ტემპერატურა, “კოჭლი” პარლამენტი კი შეეცდება 2028 წლამდე მიაღწიოს.
სცენარი მეოთხე ანუ, “დარტყმა”დასავლეთიდან
ასევე შესაძლებელია მოხდეს ისეთი მოვლენა, რაც უცებ აადუღებს სიტუაციას. მაგალითად, თუ ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. ამან შეიძლება მართლაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს და მოქალაქეების ნაწილი ყოველგვარი პოზიცია-ოპოზიციის გარეშე ქუჩაში გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეიძლება მართლაც მოუწიოს უკან დახევა. თუმცა, რამდენად სამართლიანი იქნება თავად ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება, საკითხავი აი, ეს არის. ევროკავშირის რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის განხილვის თემა ეს საკითხი არ ყოფილა და არც არასოდეს გამხდარა. იმედია, ასეც დარჩება.
პ.ს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ამისთვის კი აუცილებელია საზოგადოებისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა და გამოძიების გამჭვირვალობა”,- წერია პუბლიკაციაში.