ვისია ყირიმი?
რამდენად საფუძვლიანია არგუმენტები იმის შესახებ, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პროფესორი, ისტორიის მეცნიერების დოქტორი ანდრეი ზუბოვი შეეცადა სტატიაში „ჩვენია ყირიმი“? ყირიმის რეალური „მესაკუთრეს“ დადგენის მცდელობაში სტატიის ავტორი ისტორიულ მონაცემებს იყენებს.
„სხვისი პროვინციის მიერთება, თუნდაც ყველაზე კეთილშობილური მიზეზით, არასდროს არ მიმდინარეობს მშვიდად და ჩუმად. თავდამსხმელთა და დაზარალებულებს შორის კონფლიქტი ჩნდება, რომელიც, ხშირად ათწლეულების მანძილზე გრძელდება და მილიონობით სიცოცხლე ღირს. გავიხსენოთ კამათი გერმანიასა და საფრანგეთს შორის ელზასის თაობაზე, ავსტრიისა და სერბიის კონფლიქტი ბოსნიის გამო. დონბასი – რუსეთის ყირიმთან დაკავშირებული პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა, ოღონდ შედეგი გაცილებით უფრო სისხლიანი აღმოჩნდა. ღირდა კი ყირიმში ამის დაწყება?“ – წერს სტატიის ავტორი.
ზუბოვის აზრით, თუ ყირიმი ყოველთვის რუსეთის ტერიტორია იყო, და „ტომარა კარტოფილივით“ იყო მოპარული, მაშინ ცხადია, რომ უსამართლობა უნდა გამოესწორებინათ.
„თუმცა ყველაფერი უნდა ყოფილიყო „მწვანე კაცუნების“ თამაშის გარეშე, სამართლიანობის აღდგენა კი საერთაშორისო ინსტანციებში უნდა მომხდარიყო.
თუ ყირიმში რუსი ხალხის გენოციდს ექნებოდა ადგილი, ამ შემთხვევაში გაეროს 1970 წლის რეზოლუცია ამოქმედდებოდა ხალხის თვითგამორკვევის უფლების შესახებ იმ პირობებში, რომლებიც სიცოცხლეს ემუქრება“. თუმცა გენოციდი ყირიმში, სანამ ის უკრაინის შემადგენლობაში რჩებოდა, არ იყო.
თუ ყირიმის უკრაინიდან გაყოფას და რუსეთთან მიერთებას გენოციდით ვერ ვხსნით, იქნებ ისტორიული არგუმენტები არსებობს? ასახელებენ 3 არგუმენტს: 1. ყირიმი ყოველთვის რუსული იყო. 2. ყირიმი რუსული სისხლითაა მორწყული ბევრ ომში. 3. ყირიმი უკრაინას უკანონოდ გადაეცა.
უძველეს პერიოდში და შუა საუკუნეებში ყირიმის ნახევარკუნძულის მესაკუთრე ბევრი სახელმწიფო იყო, მის მიწაზე ხალხი იცვლებოდა. რუსეთი მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა, რუსები და სლავები ყირიმში მცირე რაოდენობით ჩნდებოდნენ. XI საუკუნეში ტამანში (ახლა ყუბანში) ტმუტარაკანის სამთავრო არსებობდა, რომელსაც რიურიკოვიჩები ხელმძღვანელობდნენ. ის, როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ყირიმის რაღაც ნაწილს ფლობდა და კონსტანტინოპოლისგან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ძველი დროის სიღრმეებში შესვლა უფრო კიევის უფლებების სასარგებლოდ მეტყველებს, ვიდრე მოსკოვის. მოსკოვი ხომ მაშინ საერთოდ არ არსებობდა. კიევი კი „რუსული ქალაქების დედა“ იყო. სწორედ მანდ იყო რიურიკოვიჩების უზენაესი ტახტი.
შემდეგ ყირიმი ბიზანტიის, მონღოლების, ოქროს ურდოს საკუთრება იყო. სამხრეთ სანაპირო კონსტანტინოპოლმა XIII საუკუნეში გენუელებს გადასცა, მათ კი გოთური კაპიტნობა შექმნეს. 1745 წლის ზაფხულში ყირიმი ოსმანთა იმპერიამ დაიპყრო. ყირიმში მაშინ ბერძნები, იტალიელები, სომხები, ებრაელები და სლავები ცხოვრობდნენ. ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ენა თანდათან ყირიმის თათრული გახდა. ნახევარკუნძულზე გვერდი-გვერდ მუსლიმები, ქრისტიანები, იუდაიზმის მიმდევრები ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს საოცარი სამყარო არ იყო რუსული 1783 წლის აპრილამდე.
სწორედ მაშინ ყირიმი რუსეთის იმპერიას შეუერთეს. ყირიმის სახანოს დაპყრობა რუსეთის მიერ სისხლიანი იყო. ყირიმის ძირძველი მოსახლეობის რაოდენობა თურქეთში ემიგრაციის და ახალი ხელისუფლების სისასტიკის გამო XVIII საუკუნის ბოლოს 5-ჯერ შემცირდა. ყირიმის ქრისტიანებს თავადი პოტიომკინი ძალადობრივი მეთოდით ჩრდილოეთ შავი ზღვის რეგიონში ასახლებდა. იმისთვის რომ დეპორტაცია აეცილებინა თავიდან, ბევრი ისლამს იღებდა. ჯერ კიდევ 1930 წლებში ბევრ ყირიმის თათრულ დასახლებებში 2 სასაფლაო არსებობდა – მოქმედი მუსლიმური და დახურული ქრისტიანული. მოხუცები ახალგაზრდებს უხსნიდნენ, რომ მოვლა ორივე სასაფლაოს სჭირდებოდა და ქრისტიანულ სასაფლაოზე მათი წინაპრები იყვნენ დაკრძალულნი“, – წერს ზუბოვი.
სტატიის ავტორის თქმით, რუსული მმართველობა ყირიმში მისი ძირძველი მოსახლეობისთვის არ იყო მადლიანი. მუსლიმების თემებმა წყალზე და მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს, ეს ყველაფერი რუს ბატონებს და სახელმწიფოს გადაეცა. მფლობელებისგან ძირძველი მოსახლეობა დამქირავებლებად გადაიქცა. რუსული მმართველობის 100 წლის განმავლობაში ეკატერინე II-ს მმართველობიდან ალექსანდრე II-ს მმართველობის დასრულებამდე ყირიმიდან დაახლოებით 900 000 მუსლიმი გადავიდა. მათ ადგილას ოსმანთა იმპერიიდან ბერძნები, ბულგარელები, სომხები, რუსეთიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან კი გერმანელი კოლონისტები ჩადიოდნენ.
„მსგავსი სიტუაცია აფხაზეთში და რუსეთის კავკასიურ სანაპიროზე იყო: XIX საუკუნეში მუსლიმები მასობრივად ოსმანთა იმპერიაში მიემგზავრებოდნენ. მათ მაგივრად კი ქრისტიანები ჩადიოდნენ (ანატოლიიდან, ბალკანეთიდან, რუსული იმპერიის სხვა პროვინციებიდან). ყირიმში 1795 წელს თათრები მოსახლეობის 87,6 %, 1897 წელს – 35,6 %, 1920 წელს – 25 %, 1939 წელს კი 19,4 % შეადგენდნენ“, – ნათქვამია სტატიაში.
აქვე სტატიის ავტორი გვახსენებს, რომ რუსეთის იმპერის XVIII-XIX საუკუნეებში და ახლანდელი რუსეთი – ერთი და იგივე სახელმწიფო არ არის.
იმპერიაში მარტო ახლანდელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია არ შედიოდა, იმპერიაში უკრაინის დიდი ნაწილი, ბელორუსია, ყაზახეთი, კავკასია, ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთიც და ფინეთიც შედიოდნენ.
სტატიის ავტორი წერს, რომ ყველა ერი ყირიმის ტერიტორიას ითვისებდა, საკუთარ ოფლს და სისხლს ღვრიდა. რუსეთის იმპერია სხვადასხვა ხალხის ქვეყანა იყო და ახლანდელი რუსეთის ფედერაცია პრეტენზიას ვერ გამოთქვამს რაიმე მიწაზე მარტო იმიტომ, რომ ოდესღაც ეს მიწა რომანოვების იმპერიის ნაწილი იყო.
სტატიაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრები ბევრჯერ იცვლებოდა. რუსეთმა საკუთარი შემადგენლობიდან ყაზახეთი და ყირგიზეთი, შემდგომში კი სხვა ტერიტორიები გამოყო. 1954 წელს კი ყირიმი უკრაინას გადასცა.
„ყველა მანიპულაცია კანონიერი იყო, თუმცა ხალხის აზრი გათვალისწინებული არ იყო. ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა „ბოლშევიკების“ მიერ დაპყრობილი ქვეყნის სივრცეებში მათ ყველა დანარჩენ ქმედებებზე არც მეტით და არც ნაკლებითაა კანონიერი“, – წერს სტატიის ავტორი.
პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ ოსმანეთის იმპერიას ყირიმი 3 საუკუნე ეკუთვნოდა, რუსეთის იმპერიას კი 134 წელი.
„საბჭოთა კავშირის დროს ყირიმში ძირძველი ყირიმის თათრული მოსახლეობის და სხვა ეროვნების ხალხების წინააღმდეგ, რუსების ჩათვლით, ბევრი დანაშაული იყო ჩადენილი. 1920 წლის ნოემბერში ყირიმის დაპყრობისას „ბოლშევიკებმა“ თეთრი გვარდიელების და სამოქალაქო პირების, რომლებიც მათ თანაუგრძნობდნენ, ხოცვა-ჟლეტვა მოაწყეს. მაშინ 60 000 ადამიანი დაიღუპა. „ბოლშევიკების“ მიერ პროვოცირებულმა შიმშილმა კიდევ 80 000 ადამიანის, უფრო მეტად ყირიმის თათრების სიკვდილი გამოიწვია… 1941 წლის აგვისტოში ყირიმიდან იძულებით 63 000 გერმანელი იყო განსახლებული, 1942 წლის იანვარ-თებერვალში – 700 იტალიელი. 1944 წლის მაის-აგვისტოში ყირიმიდან ყველა ყირიმის თათარი (191 000) იყო განსახლებული, ასევე ბერძნები (15 040), ბულგარელები (12 242), სომხები (9600), თურქები და სპარსელები (3650). ბევრი გზაში დაიღუპა, ბევრი ახალ საცხოვრებელ ადგილას რთული პირობების გამო გარდაიცვალა.
ყირიმის მოსახლეობა 3-ჯერ შემცირდა. 1939 წელს ნახევარკუნძულზე 1,126 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 1944 წლის სექტემბერში კი – 379 000. შემდეგ ყირიმში კვლავ ჩასახლებები დაიწყო. დაცარიელებულ სახლებში ომის ვეტერანებს, საბჭოთა არმიის დემობილიზებულ ოფიცერებს, პოლიტმუშაკებს ასახლებდნენ. ყირიმის მოსახლეობის შემადგენლობა დრამატულად შეიცვალა. მისი ყველა ისტორიული ეთნიკური ჯგუფები გაქრა. მხოლოდ 1980 წელს დაიწყო გადარჩენილი განდევნილების, მათი შვილების და შვილიშვილების დაბრუნება. თუმცა მათი სახლები სხვა ადამიანების მიერ იყო დაკავებული. ამიტომ, მათ შორის მძაფრი კონფლიქტები დაიწყო“, – ნათქვამია სტატიაში.
„და ახლა ყირიმი ჩვენია. მის გამო უკრაინაში ომია, რუსეთი კი სწრაფად განდევნილ ქვეყნად გადაიქცევა. არსებობს გამოსავალი? დიახ. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებით, ამ მიწით საკუთრების პრეტენზიებზე უარი უნდა თქვან და აქ მცხოვრები ხალხის სურვილისკენ უნდა მიბრუნდნენ, რომელიც განსაზღვრავს მის ბედს“, – აკეთებს დასკვნას სტატიის ავტორი, ისტორიის მეცნიერების დოქტორი ანდრეი ზუბოვი.