წილოსანი – ოპოზიციაზე: ვხედავთ მინელებულ პროცესს, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს
“ოპოზიცია ერთ ჩაკეტილ წრეზე დადის. ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ 2020-ში: გაწერილი სცენარებით გაწერილი ბრალდებები, ცრუ ჩვენებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, პროტესტი, ემოციების ადუღება, შემდგომ ემოციების გამოსაკვებად მანდატების დათმობაზე საუბარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მისი თქმით, “იდენტურად მიდიოდა ყველაფერი 2020-ში ერთი სხვაობით, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ემოციურად აღიქვამდა ამ პროცესებს და მათივე ამომრჩევლებს შორის მუხტიც უფრო დიდი იყო”.
“ახლა ჩვენ ვხედავთ მინელებულ პროცესს და იგივე ჩაკეტილ წრეს, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ვერ ვხვდები უფრო მეტად უგუნურები არიან თუ უფრო მეტად ისეთი უტიფრები, რომ ამ სიგიჟეს და აბსურდს აჯერებენ.
ყველა, მათი თითიდან გამოწოვილი ჩვენება თუ ბრალდება უარყოფილი იყო მომენტალურად. მეორე ტაქტიკა, მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ კანონმდებლობა და შემდგარი სახელმწიფო, იმგვარად არის მოწყობილი, რომ უმცირესობა ვერ მართავს უმრავლესობას. მათი ლოგიკით, კი ითვლება, რომ თურმე 30-50 არჩეული დეპუტატი, ანუ ოპოზიცია თუ გადაწყვეტს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს, მაშინ შეძლებს რომ რეალურად პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს და მილიონზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაბლოკოს, ეს არის აბსურდი“, – აღნიშნა წილოსანმა.