“შეგვიძლია, ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ – შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ; შეიძლება, ნაძვის ხეც მივუტანოთ” – მაჭარაშვილი

“შეგვიძლია, ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ – შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ, ახალი წელი მოდის და შეიძლება, ნაძვის ხეც მივუტანოთ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩეულ დეპუტატებს შორის პარლამენტში შესვლის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არის.

„ოპოზიციას, მათ ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ დავუჯეროთ, დღეს გიორგი ვაშაძეა პრემიერ მინისტრი, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია. ველოდები, რომ ცოტა ხანში პირველ სხდომასაც გამართავენ, ოღონდ თავმჯდომარეზე შეიძლება, გაუჭირდეთ შეთანხმება.

პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მაინტერესებს, რატომ ვერ ითმენენ პირველ სხდომამდე? – უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით პირველ სხდომაზე მობრძანდნენ და მას შემდეგ, რაც მათ სადეპუტატო სტატუსს ვცნობთ, ეს განცხადებები დატოვონ პარლამენტის კანცელარიაში. ამას რატომ არ აკეთებენ?! – არ აკეთებენ იმიტომ, რომ განცხადებას ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაწერს. სწორედ ამიტომ რაღაც მოჩვენებით სპექტაკლებს დგამენ. კარგად ვხედავთ, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა’’, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები