“გუგლი” პუტინის დაზვერვას “წაეხმარა” – შეცდომა, რომლის გამოც, რუსებმა კიევში “პეტრიოტების” განლაგების ადგილები დაადგინეს
Google Maps-მა თავის განახლებულ თანამგზავრულ რუკებზე უკრაინის არმიის სამხედრო სისტემების ფოტოები გამოაქვეყნა. მას შემდეგ ვურეკავთ, რომ გამოასწორონ, მაგრამ „გუგლში“ დასვენების დღეებია და ჩვენთვის არ სცალიათ – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში დანანებით წერდა უკრაინის უშიშროების საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო, მაგრამ უკვე გვიან იყო…
აღნიშნულის შესახებ ირაკლი ალადაშვილი საავტორო ბლოგში წერს, რომელსაც “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
“მართალია „გუგლმა“ მოგვიანებით დაიწყო იმ ფოტოების შეცვლა, რომელზეც მართლაც მოჩანდა უკრაინელების საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციები, მაგრამ რუსეთის სამხედრო ბლოგერებს და მით უმეტეს – რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკვე დაკოპირებული ჰქონდა ეს განახლებული რუკები…
ფაქტობრივად, უკრაინის დედაქალაქ კიევის შუაგულში მდებარე ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემის – „პეტრიოტის“ 11 გამშვები დანადგარი, რომლებიც კარგად მოჩანს Google Maps-ის ჯერ კიდევ 2023 წლის 28 სექტემბრის თანამგზავრულ ფოტოზე, თუმცა მათი ნაწილი შეიძლება სულაც გასაბერი ცრუ-სამიზნე იყოს, რუსეთის დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად…
სიმართლე რომ ითქვას, Google Maps-ის გარეშეც რუსეთის სადაზვერვო ორგანოები ისედაც ოპერატიულად მოიპოვებენ თანამგზავრულ ფოტოებს, უკრაინის ფრონტიდან, და არა მარტო საკუთარი სადაზვერვო თანამგზავრების საშუალებით – დედამიწის ორბიტაზე ვიზუალური დაზვერვის ათობით ისეთი თანამგზავრიც ბრუნავს, რომლებიც რომელიმე ქვეყნის საკუთრება კი არა, არამედ – კერძო კომპანიებისაა – ეს მზარდი ბიზნესია, რადგან თითქმის ნებისმიერ მსურველს შეუძლია დედამიწის ამა თუ იმ ადგილის დეტალური ფოტოების შეკვეთა.
ეს, რა თქმა უნდა, ძვირი სიამოვნებაა და შეიძლება, დასავლურმა კომპანიებმა სძლიონ სიხარბეს და უშუალოდ რუსეთის ფედერაციიდან წამოსული ასეთი შეკვეთა არ მიიღონ, მაგრამ ვინ უშლის რუს მზვერავებს სხვისი – რომელიმე ცრუდასავლური ორგანიზაციის სახელით გააკეთონ ასეთი შეკვეთები?
სამაგიეროდ, Google Maps-ის განახლებული რუკებიდან მეტ-ნაკლებად დეტალური ფოტოები ძალიან გვეხმარება ჩვენ, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ამა თუ იმ შეიარაღებული კონფლიქტის თაობაზე ვწერთ, რადგან თანამგზავრული ფოტოებიდან ძალიან საინტერესო ინფორმაციის „გამოწურვა“ შეიძლება, მით უმეტეს, თუ ის განახლებულ მონაცემებს შეიცავს…
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე Google Maps-ი ერიდებოდა რუსეთის რიგი სტრატეგიული ობიექტების დეტალური რუკების დადებას. ეს იყო ერთგვარი „ჯენლტმენური შეთანხმება“, და არა მარტო რუსეთთან, ასევე, აშშ-სთან და ისრაელთანაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინის აგრესორი არმია უკრაინის მიწაზე ღიად შეიჭრა, „გუგლის“ ხელმძღვანელობამ გაასაჯაროვა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ისეთი სტრატეგიული ობიექტების დეტალური ფოტოები, რომელთა ნახვა მანამდე შეუძლებელი გახლდათ.
ასე მოჩანს თანამგზავრიდან კიევის ჟულიანის აეროპორტში, სპეციალურ დამცავ შემოღობილში განთავსებული „პეტრიოტის“ სარაკეტო გამშვები, რომელიც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება, რაზეც მისი ჩრდილიც მიუთითებს…
მაგრამ ამჯერად Google Maps-ს ერთგვარი შეცდომა მოუვიდა და თავისდაუნებურად წაეხმარა რუსეთის დაზვერვას, უფრო კი – რუს სამხედრო ბლოგერებს…
უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლა დასავლეთისკენ, რაც უკრაინის დამცველებს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ფრონტის ხაზზე მუდმივად ცვლადი ოპერატიული მდგომარეობა კი მოითხოვს თანამგზავრებიდან ვიზუალური დაზვერვის მონაცემების მუდმივ განახლებას, როგორც ერთი, ისე – მეორე მხარისთვის.
არსებული მონაცემებით, ნატოს სადაზვერვო სტრუქტურები მეტ-ნაკლებად ეხმარებიან უკრაინის მხარეს ასეთი ინფორმაციით, რაც გამოიყენება „ჰაიმარსებიდან“ ზუსტი სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.
რუსეთს ნატოსთან შედარებით შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს თანამგზავრული დაზვერვის მონაცემები, რის კომპენსირებასაც ახდენს უკრაინის ფრონტის ხაზის სიღრმეში შორსმფრენი სადაზვერვო დრონების აქტიურად გამოყენების ხარჯზე, რომლებიც მიზანს უნიშნავენ 500 კმ-ზე მფრენ რუსულ სარაკეტო „ისკანდერებს“,- წერია საავტორო ბლოგში.