მამუკა მდინარაძე: როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც განწყობაზე შეატყვეს, რომ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესში დაშვებული დარღვევების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შესაბამის ფურცელზე ხელს არ აწერინებდნენ,
„აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა.
მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას“ და „ლელოს“ – ხელმოწერები არ იყო გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან აღნიშნული საქმეების გამოძიების მოწოდებით საქართველოს პროკურატურას მიმართა.
„მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. ჩვენ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრე და სალომე ზურაბიშვილის ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, „სადაც არ უნდა გათხაროო“ თუ რაღაცას, რომ ამბობდა. მართლა მათ გამოთხარეს ისეთ რაღაცები რასაც არ ელოდნენ, ამ დაბრალებებით, ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რის მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული, დამთავრებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს. ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ საბოლოო ჯამში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით.
მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა, ერთი მხრივ, უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოჰპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, ასეთი მცდელობაც ,ასევე, დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც მცდელობა ჩაიდინეს ასეთი ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ დამატებით წარმოგიდგენთ და არ ვილაპარაკებთ ჰაერზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.