გიორგი ქობულია: ამ 5 დღის განმავლობაში მე ვერ ვნახე ვერც ერთი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნები გაყალბდა
“ამ ბოლო 5 დღის განმავლობაში მე ვერ ვნახე ვერც ერთი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნები გაყალბდა”, – ამის შესახებ, გლობალური საკონსულტაციო ფირმის, „მაკინზი და კომპანიის“ წარმომადგენელმა გიორგი ქობულიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, არჩევნები არ გაყალბებულა.
“ვერც ერთი მატერიალური მტკიცებულება ვერ იყო წარმოდგენილი. თუ ამდენი დღის განმავლობაში ეს მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი, ე.ი. ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ ჩემი შეფასებით, არჩევნები არ გაყალბდა. არსებობს ორი ტიპის გაყალბება. მოდით ორივე განვიხილოთ ძალიან მოკლედ. ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება ამომრჩევლის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, თუ ასეთი ფაქტები იყო. ეს ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინების ფაქტები ჯერჯერობით ვერ ვნახე. არ იყო წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, დარღვევები იყო და ჩვენ რომ ვთქვათ, რომ დარღვევები არ იყო, არასერიოზული იქნება. ეს დარღვევები ყველა ქვეყანაშია. ეს უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ იქონია თუ არა რაიმე გავლენა ამ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე, მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – აღნიშნა ქობულიამ.