ირაკლი ქადაგიშვილი: რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა, შედგა
“რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა, შედგა”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის პარლამენტის წევრის, მიხაელ როთის მიერ X-ში გამოქვეყნებულ პოსტს, რომ „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიპარეს“.
ქადაგიშვილის თქმით, ძალიან ცუდია როდესაც სხვა ქვეყანა ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ან რომელიღაც სხვა საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენლები ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში.
„ამასთან დაკავშირებით თუ რაიმე რეკომენდაცია ექნებათ მათ, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციასაც მოგვაწვდიან. ეს არის სწორედ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც რეალურად ითვლება მსოფლიოში არჩევნების კომპეტენტურად და პროფესიონალურად შემფასებელ ორგანიზაციად. რომელზეც არის, ასე ვთქვათ, ძირითადი აქცენტი ყოველთვის გაკეთებული. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა არის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება სხვა გარე აქტორების განცხადებებს, თქვენ ბატონი როთის განცხადება მოიყვანეთ მაგალითისათვის. ძალიან ცუდია როდესაც სხვა ქვეყანა ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ან რომელიღაც სხვა საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენლები ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში. მით უმეტეს პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების წარმართვაში. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი შემდეგ ამ ქვეყანაში დამდგარ არჩევნების შედეგებს აღიქვამენ თავის პირად პოლიტიკურ მარცხად. გამომდინარე აქედან, უნისონში ლაპარაკობს აქაურ ოპოზიციასთან ერთად.
გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ახლა ესენი არიან უკმაყოფილოები ხალხის ამ არჩევანით და აგრძელებენ ხალხის, ქვეყნის და ამ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.