დიმიტრი მედვედევი ჯო ბაიდენის განცხადებაზე – შეერთებული შტატები, პრაქტიკულად რუსეთთან სრულფასოვან ომს აწარმოებს

შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, სრულფასოვან ომს აწარმოებს რუსეთთან და მოსკოვს სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებზე საპასუხოდ განაცხადა.

„თავის უტვინო პროტეჟეს დახმარების მიზნით, ბაიდენმა წამოროშა, რომ მზადაა რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული ძალების შემცირებაზე მოლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე. ამერიკელების მორიგი უტიფრობა. დაფიქრდით: შეერთებული შტატები ჩვენთან, თითქმის სრულფასოვან (და არამც და არამც ჰიბრიდულ) ომს აწარმოებს და ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს. ამიტომ, ამერიკასთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება იმაზე უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე 1945 წელს ჰიტლერთან ზავის საკითხზე მოლაპარაკება”, – აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების წინაპირობის გარეშე გამართვისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები