აშშ-ში „მილტონის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
აშშ-ში ქარიშხალი „მილტონის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე 15 ადამიანამდე გაიზარდა,- ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ექვსი ადამიანი ფლორიდის შტატის სენტ-ლუსის ოლქში დაიღუპა, სადაც ათამდე ტორნადო დაფიქსირდა, ოთხი ადამიანი ვოლუსიას ოლქში, ორი – სენტ-პიტერსბერგში, ხოლო ერთი – სიტრუსის ოლქში.
ფლორიდის შტატის გუბერნატორის, რონ დესანტისის თქმით, მაშველებმა ქარიშხლის დროს ათასამდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დღემდე ელექტროენერგიის გარეშე 2,6 მილიონზე მეტი აბონენტი რჩება.
ქარიშხალი „მილტონი“ აშშ-ის ფლორიდის შტატს ოთხშაბათს გვიან საღამოს დაატყდა. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა. მოგვიანებით ის პირველ კატეგორიამდე დაიყვანეს. სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.