ოდესაში, სამოქალაქო გემზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
ოდესის რეგიონში, უცხოურ სამოქალაქო გემზე Shui Spirit რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ყველა გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა.
სარაკეტო თავდასხმა 9 ოქტომბერს საღამოს მოხდა.
ოდესის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე.
„დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობასთან დაკავშირებით, ასევე ნგრევისა და ზარალის სრული სია დგინდება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ საზღვაო დერეფნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
“პრობლემა იგივე რჩება – დახურული საჰაერო სივრცე შავი ზღვის თავზე. ეს არის სარაკეტო იარაღი, ეს არის ყირიმის საკითხი, რომელსაც რუსები გამშვებ პლატფორმად იყენებენ” – განაცხადა პლეტენჩუკმა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სამოქალაქო გემზე თავდასხმის მესამე შემთხვევაა. მათი თქმით, მტერი „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობის ჩაშლას ცდილობს.