“არ შეიძლება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირების ნაწილად იქცეს, სამწუხაროდ, ამის პრეცედენტები გვახსოვს, მაგრამ, საბოლოოდ, ამ დოკუმენტებს მხოლოდ ფარატინა ფურცლად ქცევის ბედი ეწია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაერთიანდება სამართლიანობის და „ქართული ოცნების“ ირგვლივ, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუცია იმ ღირებულებებს შეურაცხყოფს, რაზეც ევროკავშირი დგას.
„ვინც რეზოლუციას მხარს დაუჭერს, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი იქნება. რა თქმა უნდა, მსგავსი ტექსტებით მანიპულირება წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობაა. თუ ამ ადამიანებმა ვერ შეიგნეს, რომ მსგავსი საკითხები ხელისუფლების მხარდაჭერას ზრდის და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას ამცირებს, კი ბატონო, ასეთი ქმედებები გააგრძელონ. გამორიცხულია, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე საფრთხე შეექმნას. ლუსტრაცია იმ ადამიანების ხდება, ვინც საქართველოს მტერია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომელშიც წერია, რომ რეზოლუციის კენჭისყრამდე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, ევროპარლამენტარები, ბორელთან ერთად, განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს.