სტოლტენბერგი: სრულიად რეალურია, რომ უკრაინა ნატოს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს
ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში ყოველთვის არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების პრობლემის მოგვარების გზები.
„ყოველთვის ძალიან სახიფათოა შედარება, რადგან არავითარი პარალელები არ არის 100%-ით სწორი, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთ გერმანიაა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას დიდი გერმანიის ნაწილად განიხილავდა.
„მათ არ ჰქონდათ საელჩო აღმოსავლეთ ბერლინში. მაგრამ ნატო, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასავლეთ გერმანიას იცავდა.
როდესაც ნება არსებობს, არსებობს საშუალებები გამოსავლის მოსაძიებლად. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს გამოიყენება მე-5 მუხლი და უკრაინა უნდა აკონტროლებდეს მთელ ტერიტორიას ამ საზღვრამდე“, – დასძინა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.