ჟვანიას სკოლის უპრეცედენტო ციფრული პროექტი – “ქართული ანბანის 33 ასო”: იცოდე შენი ენის ისტორია

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დაიწყო უპრეცედენტო ციფრული პროექტი – “ქართული ანბანის 33 ასო”, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. პროექტის ფარგლებში, ჟვანიას სკოლის სოციალური მედიის მეშვეობით, საზოგადოება შეიტყობს თითოეული ასოს შექმნისა და განვითარების ისტორიას – მასთან დაკავშირებულ მითოსსა და სიმბოლიკას; ტიპოგრაფიის ჩამოყალიბების საფეხურებსა და საიდუმლოებებს.

კონცეფციის/იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია თამარ (თათული) ღვინიანიძე; კვლევისა და ტექსტების ავტორია – თამარ ფაცურია; გრაფიკოს-ილუსტრატორი და ვიზუალური კონცეპტის ავტორია – ვახტანგ გლუნჩაძე; ხოლო ტექსტების რედაქტირება-კორექტირებაზე იმუშავა თამარ (თათული) ღვინიანიძემ. აღსანიშნავია, რომ პროექტმა განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან.

საძიებო სისტემასა და ბეჭდურ სახელმძღვანელოებში ხელმისაწვდომია ქართული დამწერლობის ზოგადი ისტორია, მაგრამ რთულად თუ იპოვით ინფორმაციას თითოეული ასოს შესახებ: როგორ წარმოიშვა? რა უსწრებდა წინ მის ჩამოყალიბებას ან თავად რას დაუდო საფუძველი? რატომ აქვს კონკრეტულად ეს ფორმა და არა – სხვა? ასოს როგორ შეურჩიეს ბგერა? სწორედ ამ კითხვებს პასუხობს პროექტი “ქართული ანბანის 33 ასო”.

მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ქართულ ასოთა მოხაზულობა ყველაზე მეტად ჰგავს ფინიკიურ და მისგან განვითარებულ არამეულ დამწერლობას. მისი წარმოშობის თარიღად ძვ.წ VII საუკუნეს მიიჩნევა. ანბანის გრაფემებთან დაკავშირებით საინტერესო ასტრონომიულ და რელიგიურ-თეოლოგიურ ასპექტები არსებობს:

ქართულ ასომთავრულ ანბანში ასახულია წარმართული ხანის ასტრალურ-რელიგიური მრწამსი. ქართული ასომთავრული ანბანის პირველი ასოს რკალი მარჯვნივ არის მიბრუნებული. შესაბამისად, „ანი“ ბაბილონური მთვარის ღმერთის (მამრი ღვთაება, რომლის სიმბოლო არის ხარი) გრაფიკული ხატი, მცხრალი (სავსე) მთვარე უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ასტრონომიულ ასპექტს, ასომთავრული „ან“-ის ზედა ჰორიზონტალური ხაზი მთვარის ცაზე მოძრაობის ზედა ზღვარია. ასომთავრული „ან“ ასტრონომიულად სავსე მთვარის საშუაღამო კულმინაციაა.

ნუსხურ ანბანში “ა” ასო კუთხოვანი გრაფემით არის გადმოცემული და ასომთავრულის მსგავსად, მარჯვნივ არის მიბრუნებული, ხოლო მხედრულმა ანბანმა ცვლილება განიცადა და “ა” ასოს რკალი მარცხენა მხარეს არის მიმართული. მხედრული “ა” დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში შუა ორ ხაზში თავსდება. ასომთავრულსა და ნუსხა-ხუცურში “ა”-ს რიცხვითი მნიშვნელობა იყო 1 (ერთი).

აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის სხვა ასოების სახელდებისას, 21 ასოს სწორედ „ან“ მარცვალი დაედო საფუძვლად.

გუნდის ხელმძღვანელი და კონცეფციის ავტორი, თამარ (თათული) ღვინიანიძე “ქართული ანბანის 33 ასოს” მნიშვნელობას აფასებს და გვიამბობს, როგორ წარმოიშვა აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა.

თამარ (თათული) ღვინიანიძე: ყოველდღიურად ვსაუბრობთ, ვწერთ და ვკითხულობთ ქართულად – ეს თავისთავადი, ავტომატური პროცესია. ქართველები ვართ ანდა საქართველოში ვცხოვრობთ, ასე რომ სახელმწიფო ენა (რომელიც, ამასთანავე, ბევრი ჩვენგანისთვის მშობლიური ენაცაა), ლოგიკურად, კომუნიკაციისა და ნებისმიერი საქმიანობის მთავარი ინსტრუმენტია. გახსოვთ, ბოლოს როდის დააკვირდით ქართულ ბგერათა ხმოვანებას; ანდა ვიზუალს, გრაფიკასა და მოხაზულობას? როდის იფიქრეთ თავად ენაზე, როგორც საზოგადოების სარკეზე ან ისტორიის კაფსულაზე? რომ ენა მხოლოდ ამბის გადმოცემაში კი არ გვეხმარება, შესაძლოა თავად ჰყვებოდეს ამბავს? სწორედ ამ კითხვებმა წარმოშვა ჩემს გონებაში პროექტის იდეა და მისი კონცეფციის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. გარდა კოორდინაციისა, რედაქტირება-კორექტირების კუთხითაც ვიყავი ჩართული მიმდინარე პროცესში. აღნიშნულ ტექსტებზე მუშაობა იყო არამხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნო, რადგან სიამაყის გრძნობას მგვრიდა და პატრიოტიზმს მიმძაფრებდა.

მოგეხსენებათ, ჟვანიას სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და გავრცელებაა, რადგან იდენტობასთან ერთად, ენა სახელმწიფოებრივ იდეოლოგიასაც აყალიბებს; ვცდილობთ დასახულ მიზანს შემოქმედებითი გზებით მივაღწიოთ და მისი შესწავლის მოტივაცია გავაჩინოთ/ავამაღლოთ საზოგადოებაში. ჟვანიას სკოლის შემოქმედებითი ჯგუფი (PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტი) 3 თვის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ პროექტზე. ბოლოს, უნდა ითქვას, რომ პროექტი მრავალშრიანია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ სახესაც მიიღებს.”

ჟვანიას სკოლის სოციალური მედიის სპეციალისტმა და ახალგაზრდა მკვლევარმა, თამარ ფაცურიამ ჩაატარა მეცნიერული კვლევა, რომელსაც ეფუძნება პროექტის ფარგლებში მის მიერ შექმნილი ტექსტები. გამოქვეყნებული პოსტები სრულად ერგება სოციალური ქსელისთვის დამახასიათებელ ენობრივ ქსოვილსა და ციფრულ ნორმებს – მოქნილი, ოპტიმალური ზომის და მარტივად კითხვადია; თუმცაღა, ამასთანავე, შეიცავს საკითხის შესახებ დაგროვებულ მეცნიერულ ცოდნას.

თამარ ფაცურია: „საკითხი, რომელსაც ჟვანიას სკოლა შეეხო, არ იყო ღრმად გამოკვლეული; ის ინფორმაციები, რომელიც ჩვენს გვერდზე განთავსდება, საზოგადოებისთვის მეტწილად უცნობია. სწორედ ეს ფაქტები ხდის პროექტს განსაკუთრებულს. ანბანური დამწერლობა სახელმწიფოს შექმნის, არსებობის, სიძლიერის და თვითმყოფადობის უმთავრესი იარაღია. მისი საშუალებით ხდი შენს სამშობლოს ცნობადს საერთაშორისო ასპარეზზე. ქართულ ანბანურ ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი. მთავარი კომპონენტი კი, რითაც ქართული ანბანი მართლაც შეუდარებელია არის ის, რომ სამივე სახეობის დამწერლობა ერთდროულად გამოიყენება. სწორედ ამ მიზეზით ქართული ანბანი იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი, როგორც „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. ეს მოვლენა მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელია.

როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, მასალა თითქმის არ გვქონდა, მხოლოდ გადმოცემები არსებობდა რამდენიმე ასოს შესახებ. თავდაპირველად მასალების მოძიებას შევუდექი, ვეკითხებოდი ამ სფეროში კომპეტენტურ პირებს რჩევებს და მივაგენი გენიალური ქართველი ენათმეცნიერისა და ანბანმცოდნეს, რამაზ პატარიძის კვლევებს. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვეცნობოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის და სამეცნიერო სახელმძღვანელოს „ქართული პალეოგრაფიის“ ავტორის, ივანე ჯავახიშვილის დასკვნებს. ბ. რამაზს ქართული ანბანის გრაფიკული ანალიზის მხრივ აქვს უნიკალური მიგნებები. მან ჩაატარა თითოეული ასოს სიღრმისეული კვლევა, შეადარა აღმოსავლურ სიმბოლოებს, დამწრლობებს და საბოლოოდ დაგვიტოვა დიდებული ნაშრომები. ვფიქრობ, ორი უდიდესი მეცნიერის შედევრი და მოსაზრებები ნამდვილად იმსახურებს შესაბამის კვლევას და გაშუქებას. ჟვანიას სკოლის ამ უნიკალური პროექტის საშუალებით საზოგადოება მეტად დაინტერსდება ანბანით, როგორც ქართული თვითმყოფადობის გამოვლინების და ქართული კულტურის შემამკობელი გვირგვინით. „

ჟვანიას სკოლის გრაფიკოს-დიზაინერმა, ვახტანგ გლუნჩაძემ ერთი მხრივ, შექმნა ექსკლუზიური კონცეფცია მთელი პროექტისთვის, რომელმაც საერთო ვიზუალური ნარატივის ქვეშ გააერთიანა პოსტები, მეორე მხრივ, თითოეული ასოსთვის დახატა ინდივიდუალური „ქავერი” – ყველა მათგანი შექმნილია წყაროებზე დაყრდნობით, სპეციალურად აღნიშნული ასო-ბგერისთვის, მისივე ისტორიის გათვალისწინებით. ვახტანგმა მოიძია მრავალი საუკუნის წინ შექმნილი ქართული ანბანები, იპოვა ტიპოგრაფიული შესატყვისობები და ანალოგები სხვა, უძველეს ხალხთა დამწერლობაში; საბოლოოდ კი, შეგროვებული და მოდიფიცირებული ვიზუალური ინფორმაცია წარმატებით დანერგა პროექტში.

ვახტანგ გლუნჩაძე: „კონცეფციის შექმნა ხშირად რთული პროცესია, რადგან ღრმა აზროვნებასა და დეტალებზე ორიენტირებას მოითხოვს. ჩემთვის, ხარისხი და სილამაზე ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენი პროექტის ვიზუალური კონცეპტი შთამაგონა ანტიკურმა კულტურებმა და დედაბუნების სილამაზემ. ჩვეულებრივ, სტილის და ილუსტრაციის არჩევისას ვცდილობ ვიყო რაც შეიძლება სამართლიანი ბუნების მიმართ. სხვადასხვა ასოს ერთიან ვიზუალურ არკაში მოქცევა გამოწვევა ნამდვილად არის, მაგრამ თითოეული ასოს უნიკალურობის დაცვაა აუცილებელი, რადგან სწორედ ის აძლევს პროექტს ინდივიდუალურობას. მუშაობის პროცესში თითოეული ვიზუალისთვის დათმობილი დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად მინდა იდეაში გადაშვება; ასე რომ ზოგჯერ თითო „ქავერს” რამდენიმე დღე ეთმობოდა, ზოგჯერ კი მთელი კვირა (რათა დეტალები სრულყოფილად გამომესახა). სამუშაო პროცესი ესკიზების შექმნით იწყებოდა. ესკიზები ემყარებოდა დაკვირვებას და ბუნებრივ ფორმებს. ამის შემდეგ, რთულ დეტალებზე მუშაობის ჯერი დგებოდა, რაც ვიზუალურ სიღრმეს და ტექსტურას სძენდა ნამუშევარს. ვიზუალური მხარე არის სარკე, რომელიც აუდიტორიას საშუალებას აძლევს, გაიგოს და გაიზიაროს ის ემოციები, რაც ავტორმა ნამუშევარში ჩააქსოვა. რაც უფრო უნიკალურია ვიზუალები, მით უფრო ღრმა გავლენა აქვთ მათ აუდიტორიაზე. ხელოვნების მთავარი მიზანი ხომ სწორედ სილამაზის წარმოჩენაა, რათა ადამიანები საკუთარ ემოციებზე დააფიქროს. ვფიქრობ, პროექტი “ქართული ანბანის 33 ასოს ისტორიაც” სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებს.

დაგაინტერესათ ციფრულმა პროექტმა? ეწვიეთ ჟვანიას სკოლის გვერდს სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/story.php?story_fbid=846608020982948&id=100069012736004&mibextid=QwDbR1&rdid=SxMG0lzngXQ1kgMB.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები