„ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შედეგები – რა რჩება მთავარ პრობლემად

  • კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნიდან ორი წელი გავიდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53%-ით გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა შეადგინა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად კი საქართველოს პრეზიდენტი ასევე კოლიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდა. მან ხმათა 62% აიღო, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უმეტეს რეგიონებში გამარჯვება კვლავ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

    ექსპერტი გია ხუხაშვილი კოალიციის ორწლიან მმართველობას აფასებს. მისი თქმით, ამჟამინდელი მთავარი ხელისუფლების მთავრი მონაპოვარი არის ის, რომ საზოგადოებას ჩამოაშორა რეჟიმი, რომელიც სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა. ეს კი მშვიდობიანი გზით – არჩევნებით მოხერხდა.
    „დღევანდელი ხელისუფლება არის ბევრად უფრო ჰუმანური და ადამიანებს ნაკლებად აქვთ იმის შეგრძნება, რომ ისინი არიან პოლიტიკური წნეხის, დაკვირვების ქვეშ. ერთ-ერთ მონაპოვრად ითვლება საყოველთაო დაზღვევა, რაც დღევანდელი ხელისუფლების მონაპოვარია. დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ. ადამიანის უფლებები დღეს უკეთესად არის დაცული, ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ დემოკრატიის მეორე ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება, ურთიერთკონტროლი და დაბალანსება ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ხელისუფლების ერთი შტო ცდილობს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინოს. ეს იყო წინა ხელისუფლების პრობლემაც და ეს ვერ გახდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასარგებლო. ამ პრობლემას სჭირდება მოწესრიგება“, – განაცხადა ხუხაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას და იქვე დასძინა, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველოს განვითარების დინამიკა ნორმალურია.
    ამასთან, ექსპერტის შეფასებით, კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გაზვიადებულია, პოლიტიკური სიმულაციების საკითხია და უარყოფითი სახის პროპაგანდას ემსახურება. თუმცა ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზრდილი იყოს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს დრამატიზებულია.
    ექსპერტმა „კვირასთან“ საუბრისას დღევანდელი ხელისუფლების პრობლემებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის სფეროში სისტემური ნაბიჯები არ ჩანს და, შესაბამისად, არც შედეგი გვაქვს.
    „ძირითად პრობლემად რჩება გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობა და მისი განხორციელების უნარი, რაც საგრძნობლად შესუსტებულია დღევანდელ ხელისუფლებაში. შესაბამისად, ეკონომიკაში არ გვაქვს მდგარადი წინსვლა. ხელისუფლებამ არჩია გზა, თვითონ მოახდინოს ინვესტირება და არა ის, რომ კერძო ინვესტორისთვის იფიქროს გარემოს შექმნაზე და ის ახორციელებდეს ინვესტიციებს თავისი გემოვნებით და არა ხელისუფლების მითითებით“, – აღნიშნავს ხუხაშვილი.
    გარდა ამისა, მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთი, ყველაზე უფრო გამოკვეთილი ოპოზიცია – კრიმინალზე დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. მისი თქმით, ეს ძალიან ცუდია, რადგან პოლიტიკურ სივრცეს აკლია ახალი ძალა. ხუხაშვილის განცხადებითვე, საქართველოში პოლიტიკური კულტურა კვლავ ძალიან დაბალია და ის ცივილიზებულ პოლიტიკას არ შეესაბამება. „ხელისუფლებამ ვერ მოახრეხა პოლიტიკური სივრცის გახსნა იმისთვის, რომ ახალი სისხლი შემოსულიყო. მეორე პოლუსზე ისევ ჰყავს კრიმინალზე დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ეს არის პრობლემა. ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ არ გაიხსნას სივრცე და არ გამოჩნდეს ახალი ძალა, როგორც ჩანს, ეს აწყობთ ჰყავდეთ ისეთი პოლიტიკური ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკური კულტურა კვლავ საკმაოდ დაბალია. ჩვენ ვხედავთ ოპონირებას, რომელიც სცდება ცივილიზებული პოლიტიკის ფარგლებს. ხშირად ისმის პირადი შეურაცხყოფა, ისტერიული ტონი და მდაბიო ლექსიკა, რაც არ არის მისაღები. მდაბიო რიტორიკა განსაკუთრებით ხელისუფლებას არ შეეფერება, რაც ხშირად ისმის არამხოლოდ ოპონენტების, არამედ შიდა პოლიტიკურ მოკავშირეების მიმართაც, რაც საბოლოოდ მათ აზიანებს“, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

     “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და მათი მმართველობა შეაფასა. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ყველა სფეროში მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას – დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, მეწარმეობის წახალისებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანობის დამკვიდრებით.
    „ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა, და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია… ჩვენ ვახორციელებთ და უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რასაც წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება“ , – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს წინ ძალიან ბევრი წარმატება ელოდება. კოალიციის ორწლიან მოღვაწეობას დადებითად აფასებს მინისტრთა კაბინეტიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ განვითარებისთვის საჭიროა მუშაობის ინტენსიური გაგრძელება.
    ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, რეალური მიღწევაა ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გადის რუსეთის ბაზარზე, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მინისტრმა სხვა სფეროში განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.
    „ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სფეროში. არის პოზიტიური ძვრები ბოლო პერიოდში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იყო გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებიც. ვერ მივაღწიეთ ყველა იმ დაგეგმილ შედეგებს გასულ წელს მაგალითად. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელზეც ახლა არ შევჩერდები. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ჩვენი საქმიანობის წარმოჩენის გზით და ამ მიმართულებით მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს იმისათვის, რომ დილით, ნაცვლად ნეგატივისა, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
    ვიცე – პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი ფიქრობს, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეული და დაცულია, რითაც ის ამაყობს. “მე დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და დაცული. ღმერთმა ნურასდროს, ნურავის დააჭირვოს ექიმი და საავადმყოფო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს მომსახურება მათთვის უფასოა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, საარჩევნო კამპანიის დროს, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან და გული მწყდებოდა, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონებს, ქართველ დედებს ვხვდებოდი თვალცრემლიანს, ამის მიზეზი ელემენტარული იყო, რომ მათ არ ჰქონდათ შეასაძლებლობა, შვილებისთვის, რომელებიც სექტემბერში სკოლაში უნდა წასულიყვნენ, სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი პატარები, რომლებიც სკოლაში მივიდნენ, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დახვდებათ. ამდენი მიწა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დამუშავდა, არასდროს საქართველოში არ დამუშავებულა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლეხი, სოფელი გავაძლიეროთ და ჩვენ დავეხმარებით მანამ, სანამ გლეხი ფეხზე არ დადგება და სოფელი არ გაძლიერდება. ამასთან ერთად, ეკონომიკის სამინსიტრომ წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის: ,,აწარმოე საქართველოში” განხორციელება, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ ბიზნესი წამოიწყონ და იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ”, – განაცხადა კახი კალაძემ. მინისტრმა ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ცვილილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი 21%-ით, ბუნებრივ აირზე 5 %-ით შემცირდა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ათასი მილიონი ლარი დაზოგა, პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო დახმარებები გაორმაგდა.
  • ”ქართული ოცნების“ ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არა, თუ შეიცვალე რაიმე უკეთესებისკენ, არამედ პირიქით, გუარესდა.

    ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ ხელისუფლება ზღაპრებს ყვება. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ის რაც იზრდება მხოლოდ მთავრობის შენახვის ხარჯებია.

    გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველ უმრავლესობას მიმართა, რომ პენსია 150 ლარამდეა გაზრდილი არა დღევანდელი ხელისუფლების მიერ, არამედ დაიგეგმა წინა ხელისუფლების პირობებში,

    “არ ვიცი, რამდენად რეალურია მართვა, რომელიც თქვენ დღეს საქართველოში ჩამოაყალიბეთ, როცა ქვეყანას ოლიგარქი მართავს, მაგრამ თქვენთვის შეიძლება ეს იყოს რეალური მართვა, რადგან შეჩვეული იყავით მოსკოვიდან მართვას და მართვის ასეთ პირობებში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

    საპარლამეტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის 2 წლისთავს და მისი გუნდის მუშაობის შედეგებს აფასებს. დეპუტატის თქმით, ახალმა სახელისუფლებო ძალამ აღნიშნული დროის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნისათვის სასიკეთო რეფორმები განახორციელა. ვოლსკის განცხადებით, რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მკაფიოდ იგრძნობს ხელისუფლების მუშაობის შედეგებს.

    საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ვოლსკისთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა, უმუშევრობა მმართველ გუნდს ხელისუფლების მოსვლის დღიდან დახვდა. დეპუტატი საზოგადოებას 2015 წლიდან რეფორმების სრულ შედეგს ჰპირდება.
    “ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით არაერთი რეფორმა გატარდა, ეს ეხება ეკონომიკას, მედიცინას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და სხვა სფეროებს. ძალოვანი სტუქტურა ჩამოყალიბდა ევროპული სახელმწიფოსათვის დამახასიათებლ ინსიტუტად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობაში გაკეთებული რეფორმები. განათლების თემასაც პოზიტურ შეფასებას მივცემდი. ყველა მიმართულებაში დარჩენულია დიდი რეზერვი, რომლის ამოქმედება აუცილებელია და 2015 წელს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი დაინახავს ამ რეფორმების შედეგებს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

    კოალიცია „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო მანდატის კანონიერი მფლობელი კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები