რამდენი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში – ცესკოს თავმჯდომარის განცხადება

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 27 რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტიდან პარტიული სიები 19-მა მათგანმა წარადგინა.

როგორც მან პირველი არხის ეთერში აღნიშნა, უკვე რეგისტრირებულია ერთი პოლიტიკური გაერთიანება, 18-თან დაკავშირებით კი დაიწყო წარმოება.

„დღეს, საღამოს ექვს საათამდე პოლიტიკურ გაერთიანებებს ჰქონდათ ბოლო ვადა, რომ შემდგომი ეტაპის გადალახვისა და ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარმოედგინათ პარტიული სიები და 27 რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებიდან, ანუ საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სიები წარმოადგინა 19-მა. ამ 19 სუბიექტიდან ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ისარგებლა ახალი შესაძლებლობით და პარტიული სიები ონლაინ წარადგინა, დანარჩენი 15-ის შემთხვევაში კი მატერიალური სახით იქნა წარმოდგენილი. წინა დღეებში შემოტანილი საბუთების გამო, უკვე რეგისტრირებულია ერთი პოლიტიკური გაერთიანება, 18-თან დაკავშირებით კი დაიწყო შესაბამისი წარმოება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ამ ხარვეზის შესასწორებლად პოლიტიკურ გაერთიანებებს ვადა განესაზღვრებათ, ცესკო მიჰყვება კანონმდებლობას და თუ ხარვეზის დადგენის საფუძველი არ იარსებებს, ბუნებრივია, ამას გამიზნულად და ხელოვნურად არავინ გააკეთებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნება, ან არ იქნება საერთოდ შემავსებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს პარტიაზე უარის თქმის საფუძველს, მაგრამ წარმოდგენილ პარტიულ სიაში ჩვენ არა მხოლოდ 30 კანდიდატის მონაცემებს ვამოწმებთ, არამედ სრულად პარტიულ სიას და შესაბამისად, ხარვეზი დგინდება კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ მთავარია, ხარვეზი იქნას შესწორებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 27-ის ნაცვლად 19 პოლიტიკური გაერთიანება, უკვე შემდგომ კი, ამ 19 პოლიტიკური გაერთიანების დაზუსტება განხორციელდება პარტიული სიების შემოწმების პროცედურების დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები