საქართველოში თამბაქო ძვირდება
2015 წლიდან თამბაქო, სავარაუდოდ, კიდევ 30 თეთრით გაძვირდება. ფინანსთა სამინისტრო თამბაქოზე აქციზის, დაახლოებით, 20 თეთრით გაზრდას აპირებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი ფისკალური ეფექტის მიღება არ არის, მთავრობა მწეველთა რიცხვის შემცირებით ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის მხრივ არასახრბიელო მდგომარეობაა.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებთან ჩვენ უნდა მოვიდეთ შესაბამისობაში. მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ეტაპობრივად თამბაქოზე აქციზის ზრდა. ერთხელ ეს უკვე მოხდა და შესაბამისი ეტაპი იქნება 2015 წელს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აღნიშნულ საკითხს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე გამოეხმაურა.
„ხელისუფლება უშუალო კავშირში იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა. ახლაც იქმნება ფაქტები, რომ კომპანიებმა მოინდომონ გარიგებაში შესვლა და გადაწყვეტილების შემუშავების პროცესზე გავლენა იქონიონ“, – განაცხადა ბახტურიძემ. წყარო: “რეზონანსი”