14 წლის ქართველი მომღერალი ნათია სვანაძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მონაწილე გახდა

14 წლის ქართველი მომღერალი ნათია სვანაძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მონაწილე გახდა და ის ხვალ იტალიაში გაემგზავრება. თინეიჯერმა შემსრულებელმა კონკურსში მონაწილეობის უფლება სამი რთული საკონკურსო ტურის გადალახვით მოიპოვა. იტალიის ქალაქ ტერნში მას პროფესიონალი მუსიკოსები 4,5 და 6 ოქტომბერს მასტერკლასებს ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ფინალი, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს გაიმართება. თუმცა გადამწყვეტ გამოსვლამდე საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების წარმოჩენის და გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემა, რის შემდეგაც მის ნამღერს კიდევ ერთხელ მოუსმენენ.
„კონკურსში მოსახვედრად სამი ტური გადავლახე. ბოლო ტურის შემდეგ მასტერკლასების მონაწილე გავხდი. ორგანიზატორები ჩამიწერენ სიმღერას და გამიკეთებენ ფოტოალბომს. სამდღიანი ვარჯიშის შემდეგ გვექნება მოსმენა და გაირკევა, გადავედი თუ არა ფინალში. ფინალში გამარჯვებულისთვის დაწესებულია სხვადასხვა პრიზი, მათ შორის – კლიპის გადაღება. მასტერკლასებს პროფესიონალი მუსიკოსები ჩაგვიტარებენ, გვასწავლიან სიმღერის ტექნიკას და პარალელურად ჩავწერთ მას“, – ამბობს ნათია სვანაძე.
მომღერალი დარწმუნებულია, რომ დიდ გამოცდილებას მიიღებს, რადგან პროფესიონალ მომღერლებთან მუშაობა მოუწევს. როგორც ნათიამ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს მისთვის პირველი კონკურსი არ არის. მას უკვე აქვს იტალიაში მიღებული რამდენიმე პრიზი. გარდა ამისა, ნათია სხვადასხვა ქართული მუსიკალური პროექტის: „ანა-ბანას“, „ახალი ხმის“ და “X-ფაქტორის” მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები