კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკური კონკურსი იწყება
“საავტორო სტუდია” უკვე მეორედ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსის იწყებს. როგორც „კვირას“კონკურსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ხოსიტაშვილმა განუცხადა, გასულ წელს გამართულმა კონკურსმა საინტერესო რეზონანსი გამოიწვია, რის შემდეგაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსის ჩატარება გადაწყდა.
„კონკურსის მიზანი კლასიკური გიტარის პოპულარიზაციაა. წინა კონკურსზე 8 მონაწილე იყო, თუმცა ახლა უფრო მეტს ველოდებით, რადგან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსებიც ჩამოდიან სპეციალურად ამ კონკურსისთვის. წელსაც მუსიკის სახლმა გამარჯვებულისთვის დააწესა საჩუქარი, რაც ჯერჯერობით სიურპრიზია“, – აღნიშნა დავით ხოსიტაშვილმა.
კონცერტების ვიდეო გადაღებას სტუდია “მი-ფა-სი ფილმი”, ხოლო ხმის ჩაწერას „საავტორო სტუდია” განახორციელებს. მცირე დარბაზში ჩატარებული კონცერტებისათვის გაიყიდება ბილეთები, რომლის სიმბოლური ფასი 3 ლარი იქნება, მთელი თანხა კი კონსერტვატორიის ორღანის რესტავრაციის ფონდში გადაირიცხება. კონკურსი წინა წელსაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების შეტანა 1 ივნისიდან არის შესაძლებელი. მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის შემსრულებელს შეუძლია. კონკურსი კი მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
კონკურსის პირობები და პროგრამა:
I ტური
1. პოლიფონიური ნაწარმოები (ერთი ნაწილი);
2. ნიკოლო პაგანინის „37-ე სონატა კლასიკური გიტარისათვის“ (ერთი სონატა);
II ტური
1. აუგუსტინ ბარიოს მანგორე (1885-1944), „ოთხი ვალსი თხზ. 8“; აუგუსტინ ბარიოს მანგორე „Vals de Primavera“; აუგუსტინ ბარიოს მანგორე „Vals Tropikal“ (მოცემული ექვსი ვალსიდან ერთ-ერთი);
2. თანამედროვე ნაწარმოები, რომელიც შექმნილია 1950 წლის შემდეგ;
III ტური
1. თავისუფალი პროგრამა 15-წუთიანი ქრონომეტრაჟით.
დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე: www.guitarcompetition.ge. შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 2183347, ან მეილზე: saavtorostudia@gmail.com. კონკურსში პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს პრემიის სახით 1000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულს – 800 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 600 ლარს მიიღებს.
კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია ანალიტიკური პორტალი “კვირა“