შალვა პაპუაშვილი: თუ პლაკატების ჩამოხევა არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია

“პლაკატების ჩამოხევა და საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები თუ არის ევროკავშირის თვალში დეპოლარიზაცია, მაშინ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის მავნე შედეგები, როდესაც გარედან ხდება ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში და პასუხისმგებელი არავინ არის.

„ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მივარდნები, იცით ზუგდიდში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი დელეგატებისთვის და ახლა ვნახეთ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რომელშიც ჩართული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თსუ-ს პროფესორი, ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ის მორალი, რომლითაც მოძრაობს და მუშაობს მელია-გვარამია ჯგუფი. ეს ის მომენტებია, როდესაც უნდა გავიხსენოთ აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადება, ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებები, როდესაც გვარამიას შეწყალება მოხდა. ეს იყო ევროკავშირის მაღალჩინოსანთა ჩარევის შედეგი ქართულ მართლმსაჯულებაში და ზეწოლის შედეგი, რომ გვარამია შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ეს მაშინ შეგვიფუთეს ისე, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. არ ვიცი, თუ პლაკატების ჩამოხევა არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია. თუ საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია. ამიტომ, ეს არის ის მავნე შედეგები, როდესაც გარედან ხდება ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში და პასუხისმგებელი არავინ არის. სად არიან ის ელჩები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც გვარამიას შეწყალებას იწონებდნენ და ტვიტს ტვიტზე წერდნენ, რომ დეპოლარიზაცია მოხდებოდა. საბოლოო ჯამში, აზიანებენ ქართველი ხალხის ინტერესს, ოღონდ ისე, რომ ამაზე აღარც წუხან და ბოდიშსაც არ იხდიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები