“ჰელსინკის კომისიამ უნდა გამოიძიოს, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში” – პაპუაშვილი

“ჰელსინკის კომისიამ უნდა გამოიძიოს, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამას ქართველი ხალხი მოელის.

“რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიაზე როცა ვსაუბრობთ, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდეს, პირველ რიგში, უნდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში. საჭიროა და ქართველი ხალხი ამას მოელის.

სამწუხაროდ, ოთხი წლის თავზეც, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არაერთხელ დამიყენებია დახურულ კარს მიღმა, ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ არის. ამიტომ, ჰელსინკის კომისიას თუ უნდა, ქართველი ხალხის თვალში მის სიტყვას დამაჯერებლობა ჰქონდეს, კონგრესში უნდა დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამ პროცესში. მგონი, ნათელია, რა მიზანი ჰქონდა ISFED-ს. მათ უნდოდათ, ძირი გამოეთხარათ ქართული დემოკრატიისათვის. რა მიზანი და მოტივაცია ამოძრავებდა აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს, USAID-ი იქნება თუ სხვა, ეს უნდა დაადგინოს კონგრესმა.

ვფიქრობ, თავის მოტყუება და თავის არიდება არის იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც აშშ-ის კონგრესს, როგორც ამერიკელი ხალხის წარმომადგენელს აქვს. მთელმა PVT-ის სკანდალმა უპირველესად დააზიანა ამერიკელი ხალხი და მათი ინტერესები საქართველოში, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ამერიკული დაფინანსებით აქ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა ვითარების არევას“, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები