“ძალიან სამწუხაროა, რომ ჰელსინკის კომისია თვითონვე აზიანებს თავის რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში და კარგავს ნდობას” – მაჭავარიანი

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჰელსინკის კომისია თვითონვე აზიანებს თავის რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში და კარგავს ნდობას. არ მგონია, რომ მათი მომდევნო განცხადება ან რამე ტიპის ბრალდება ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს წონადი და დამაჯერებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

დეპუტატი ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ აქვთ პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე.

„ჩვენ თუ გადავხედავთ იმ სხდომას [საქართველოს თემაზე ჩატარებულ მოსმენა], რომელიც შალვა ნათელაშვილის წერილით გაიხსნა, ამის შემდეგ იყო „ჰელსინკის კომისიამ“ ყველანაირ ფაქტის და არგუმენტის გარეშე დაგვაბრალა , რომ ქოლ-ცენტრების ქსელის უკან, რომელიც მსოფლიოშია გაშლილი, თითქოს „ქართული ოცნება“ დგას. აქაც არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, მაშინ, როდესაც ყველა კვალი კეზერაშვილამდე მიდის. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, რომ ჰელსინკის კომისია თვითონვე აზიანებს თავის რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში და კარგავს ნდობას. არ მგონია, რომ მათი მომდევნო განცხადება ან რამე ტიპის ბრალდება ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს წონადი და დამაჯერებელი.

კონკრეტულად დახმარებას რაც შეეხება, ჩვენთვის დახმარება იქნება ის, რომ ჩვენს შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა,მით უმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდი გვაქვს. ეს იქნება ყველაზე კარგი დახმარება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები