“კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია როგორც მოწევის აკრძალვის კუთხით, ისე სავაჭრო და რეკლამის რეგულაციების კუთხით, თუმცა, პერიოდულად ახალ-ახალი გამოწვევები ვლინდება” – გიორგი მაღრაძე
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია როგორც მოწევის აკრძალვის კუთხით, ისე სავაჭრო და რეკლამის რეგულაციების კუთხით, თუმცა, პერიოდულად გარკვეული ახალ-ახალი გამოწვევები, პრობლემები ვლინდება, რომელიც ბოლო პერიოდში უმეტესად თამბაქოს ახალი პროდუქტების შემოდინებასთანაა დაკავშირებული”- ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მაღრაძემ კანონის აღსრულებაზე მონიტორინგის შედეგების შესახებ ისაუბრა.
“როგორც მოგეხსნებათ, მონიტორინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვის განმავლობაში ჩვენი მონიტორები გარკვეული რაოდენობის ობიექტებს ამოწმებენ. დაახლოებით რომ გითხრათ, მოწევის აკრძალვის კუთხით თვეში დაახლოებით 400-მდე ობიექტი მოწმდება, გარდა ამისა, უკვე შემოწმებულ ობიექტებში განმეორებითი ვიზიტები ხორციელდება. სავაჭრო ობიექტების რეგულაციების თვალსაზრისით, ყოველთვიურად 300-ზე მეტი ობიექტი, სავაჭრო წერტილი მოწმდება. გარდა ამისა, ვაკვირდებით, რეკლამის ფაქტებს ხომ არ აქვს ადგილი როგორც ქუჩებში, ისე ინტერნეტსივრცეში. მონიტორინგის შედეგი აჩვენებს, რომ ზოგადი სურათი არ არის ცვალებადი, საკმაოდ სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია როგორც მოწევის აკრძალვის კუთხით, ისე სავაჭრო და რეკლამის რეგულაციების კუთხით, თუმცა, პერიოდულად გარკვეული ახალ-ახალი გამოწვევები , პრობლემები ვლინდება, რომელიც ბოლო პერიოდში უმეტესად თამბაქოს ახალი პროდუქტების შემოდინებასთანაა დაკავშირებული. ესაა ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და ა.შ. როდესაც მონაცემებს ვაკვირდებით და ვაანალიზებთ, ვხედავთ, რომ ამ ახალ პროდუქტებზე დარღვევების უფრო მეტი წილი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივ, ტრადიციულ თამბაქოზე. მომხმარებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს: სავაჭრო ობიექტში სიგარეტის დახლები, სტენდები დახურულია, მაგრამ ბოლო პერიოდში თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტი ხილულადაა განთავსებული. ესეც აკრძალულია და ამაზეც რეაგირება კეთდება. ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ ამ დარღვევებს რაღაც კატასტროფული ხასიათი აქვს. ეს დარღვევები შემოწმებული ობიექტების დაახლოებით 8-10 %-შია, რაც დაბალი მაჩვენებელია, აღსრულების თვალსაზრისით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა, ესეც არ არის ჩვენთვის მისაღები და კანონი ბოლომდე უნდა იყოს დაცული. ხილულად განთავსების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარის ოდენობითაა, განმეორების ფაქტები თუ იქნება, საჯარიმო სანქცია იზრდება, თავად სავაჭრო ობიექტი ჯარიმდება.
როდესაც ასეთ ფაქტებს ვაფიქსირებთ ხოლმე, ყოველთვის შემოსავლების სამსახურს ვაწვდით , მათი მხრიდან რეაგირება საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება.
შემოსავლების სამსახურისადმი, მინდა, მადლიერება გამოვხატო, მათი რეაგირება ყოველთვის დროული, ქმედითია. სადაც დარღვევა დაფიქსირდა და ამაზე ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მივაწოდეთ, იმ ობიექტს შემდეგ ისევ ვამოწმებთ და უკვე მოწესრიგებული მდგომარეობაა ხოლმე. ამიტომაა მონიტორინგის მუდმივობა მნიშვნელოვანი” – განაცხადა მაღრაძემ.
მანვე განმარტა, რა ტიპის დარღვევები ფიქსირდება. როგორც მაღრაძემ განაცხადა, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი: ტრადიციული თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
“ბოლო პერიოდში ისეთი დარღვევები გამოჩნდა, რაც ადრეც იყო ხოლმე, ეს ეხებათ პრომოაგენტებს, ე.წ. პრომოგოგონებს, რომლებიც მაღაზიაში შეცვლის დროს მომხმარებლებს ესაუბრებიან, გამოკითხვაში ჩართვას სთავაზობენ, შემდეგ გარკვეული პროდუქტის პოპულარიზაციას ახდენენ. ეს კანონით აკრძალულია, საჯარიმო სანქცია საკმაოდ მაღალია. პრომოსააგენტო, რომელსაც პრომოგოგონა ჰყავს დაქირავებული, 3 000-დან 5 000 ლარამდე ჯარიმდება. ჯარიმა სავაჭრო ობიექტზეცაა გათვალისწინებული და 3 000 ლარის ოდენობითაა, რადგან მათ სავაჭრო ობიექტმა სივრცე არ უნდა დაუთმოს. ჩვენი მონიტორები ასეთ ფაქტებს ავლენენ. გასულ თვეში რამდენიმე ფაქტი გვქონდა გამოვლენილი, რომელზეც რეაგირება გავაკეთეთ. ეს დარღვევები პროცენტული თვალსაზრისით ისეთი საგანგაშო არაა , თუმცა თითოეული დარღვევა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ დარტყმად მიგვაჩნია. აქ საუბარია მოზარდების, ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი თაობის სწორად ინფორმირებაზე, მათ დაცვაზე იმ რისკებისგან , რომელსაც თამბაქოს პროდუქტების მოხმარება ქმნის. თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი: ტრადიციული თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ისინი ადამიანის ორგანიზმზე ძალიან მავნე ზემოქმედებას ახდენენ.
მოწევის აკრძალვის კუთხითაც სიტუაცია საკმაოდ სტაბილურია , კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ დახურულ სივრცეებში არ მოწიონ. არის დარღვევებიც, მაგრამ ესეც სადღაც 5-6 %-ის ფარგლებშია, მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში უფრო ნაკლებია, რადგან მომხმარებლები სამასპინძლო დაწესებულებებში, ძირითადად, ღია სივრცეში არიან ხოლმე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამწუხაროდ, დარღვევები უფრო ხშირად გვხვდება არა სამასპინძლო დაწესებულებებში, კაფე-რესტორნებში, არამედ სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, სადაც დარღვევის პროცენტი უფრო მაღალია. მოწევის აკრძალვის კუთხითაც ასეთი ტენდენცია ვლინდება: დარღვევების მეტი წილი ისევ და ისევ ახალ პროდუქტებზე მოდის, როდესაც დახურულ სივრცეში დარღვევას ვაფიქსირებთ, უფრო ხშირია შემთხვევა, რომ ეს ან ელექტრონული სიგარეტი, ან გასახურებელი თამბაქო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.
ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა დღესდღეობით ტაქსებშია , მონიტორინგი ტრანსპორტშიც ხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსებში მდგომარეობა საკმაოდ მოწესრიგდა. ძირითადად, ბოლო პერიოდში რაც დავაფიქსირეთ ის იყო, რომ ბოლო გაჩერებაზე , როგორც ჩანს, შეიძლება, მძღოლს ავტობუსიდან ჩამოსვლა დაეზარა, ამაზეც რეაგირებას ვაკეთებთ, სატრანსპორტო სამსახურები ინფორმირებული არიან” – განაცხადა მაღრაძემ.
თამუნა შეყილაძე