შალვა პაპუაშვილი: მიგრაციულ რეგულაციებს პოლონეთისთვის ცუდი ეკონომიკური გავლენა ექნება, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა – რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება
,,მიგრაციულ რეგულაციებს პოლონეთისთვის ცუდი ეკონომიკური გავლენა ექნება, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მუშახელის დეფიციტია და ქვეყანას მუშახელი სჭირდება.
„ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან ასე ადვილად სამუშაოდ პოლონელიც ვერ ჩამოვა. ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია. ვხედავთ, გერმანია და სხვა ქვეყნები ამკაცრებენ, ცდილობენ, რომ თავიანთი მიგრაციის პოლიტიკა გადააწყონ. ეს შეიძლება, მათი გადმოსახედიდან გამართლებულიც იყოს, თუმცა შიდა დისკუსიასაც ვაკვირდებით, რომ საკმაოდ დაგვიანებულია ევროკავშირისთვის, რადგან მათმა ღია საზღვრების პრინციპმა ბევრ რამეში შეაფერხა. ეს პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილია. იქ საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა დიდი რაოდენობა იყო და იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დიდია მოთხოვნა, უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ამას, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მუშახელზე მოთხოვნა იყო. არ ვიცი, პოლონეთი როგორ აპირებს მუშახელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული სამუშაო ვიზით ვეღარ ისარგებლებენ. რაც შეეხება პირებს, რომლებიც უკვე მუშაობენ, მათ განსაზღვრულ ვადამდე შეეძლებათ მუშაობა.