შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები

„დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ იმგვარ დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კოტე მაყაშვილის ცხოვრება პირდაპირ ასახავს ყველა იმ განსაცდელსა და წინააღმდეგობას, სიხარულსა თუ გამარჯვებას, რაც საქართველომ განვლო – თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

„სწორედ ამიტომ, კოტე მაყაშვილის გახსენებისას, ჩვენ პირველ რიგში გვახსენდება ის ეპოქა, როდესაც იქმნებოდა და იჭედებოდა თანამედროვე ქართული იდენტობა, როდესაც ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზაზე, საზოგადოების ასპარეზზე, არაერთი გულმხურვალე და გამოჩენილი მამულიშვილი წარმოსდგა და თავის კვალი დაატყო ქართლის ბედს. კოტე მაყაშვილის ცხოვრება პირდაპირ ასახავს ყველა იმ განსაცდელსა და წინააღმდეგობას, სიხარულსა თუ გამარჯვებას, რაც საქართველომ განვლო – თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, საქართველოს გასაძლიერებლად, მისი სახელმწიფოებრიობისა თუ კულტურის აღსაზევებლად.

მიუხედავად მარცხისა, რითაც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობა დასრულდა, კოტე მაყაშვილმა განაგრძო ქართული მწერლობისა და კულტურის მსახურება, მისი თაოსნობით შეიქმნა მწერალთა კავშირი და ქართული ხელოვნების მომავალ თაობებს ასპარეზი გაეხსნათ. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი იყო მისი შვილიც, შალვა მაყაშვილიც, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ემსახურა ქართულ მხატვრობას. თითქოს სიმბოლურია, რომ შალვა მაყაშვილი, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების დღეს, როდესაც გადაწყდა კიდეც დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები