,,100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა” – პაპუაშვილი

,,100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, არც ევროპარლამენტს, არც რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს დღემდე არ დაუგმია ერთი სიტყვითაც ძალადობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გასული წლის ნოემბერში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს საზოგადოებამ რაც იხილა, ეს იყო პირდაპირ ბრიუსელის ბიუროკრატიდან წაქეზებული და მოწონებული.

„რაც ჩვენ ვიხილეთ შარშან, ეს იყო გარედან წაქეზებული, მხარდაჭერილი ძალადობა სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ, ძალადობა ქვეყნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, შარშან, ნოემბერში, აქ ჩამოსული იყო 7 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და მათ შორის, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაშინ მოუწოდა პირდაპირ მაიდნისკენ ხალხს და რამდენიმე დღეში რადიკალურმა ოპოზიციამ აუსრულა ეს მოწოდება. გამოვიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტს. გახსოვთ, დაიწვა რამდენიმე ოთახი. ჩამტვრეული იყო ყველა შუშა გარედან, რაც კი იყო შენობაზე. იყო დაწვის მცდელობა, იყო პიროტექნიკის გამოყენება. 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლად მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, არც ევროპარლამენტს, არც რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს დღემდე არ დაუგმია ერთი სიტყვითაც ის ძალადობა, რომელიც მათი დაფინანსებული „ენჯეოებისგან“, მათი მხარდაჭერილი პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ ჩვენ შარშან, ამ დროს, როდესაც პარლამენტს წვავდნენ.

შემდეგ გახსოვთ, ევროპარლამენტის ერთ-ერთ ოფისს, თუ არ ვცდები ბულგარეთში, სოფიაში შესასვლელთან ცეცხლი დაანთეს პროტესტის მონაწილეებმა და ამაზე მთელს ევროკავშირში ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი – ეს როგორ მოხდაო! აქ მათი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პირდაპირ პარლამენტის შენობას და არა თუ არ დაგმეს, ამის შემდეგ ფული დაუმატეს.

შარშან ჩვენ რა ძალადობაც ვიხილეთ, ეს იყო პირდაპირ ბრიუსელის ბიუროკრატიდან წაქეზებული, მოწონებული, ტაშდაკრული, რამაც შემდეგ ძალადობებიც მოგვიტანა. ამ ძალადობას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი. გახსოვთ, მაშინ აღმოაჩინეს მოლოტოვის კოქტეილები პარტიების ოფისებში, „დროას“ შეგახსენებთ, მათ შორის ქალბატონი ხოშტარიას საჯარო განცხადებებს, რომ დიახაც, ის ყიდულობდა მაშხალებს და კვლავ იყიდდა და იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. გახსოვთ. როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული იმისთვის, რომ ჯარიმების ფული გადაეხადათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები