შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს

„ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ბრიუსელის დაფინანსებით ადამიანებს ხელისუფლების და პარლამენტის წინააღმდეგ ამხედრებენ.

„გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც საუბარი იყო ამ რეგულაციების მიღებაზე, გადადეს, ვინაიდან ჯერ ჩვენთან ჰქონდათ ანგარიშები გასასწორებელი და გადადეს, იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო აშკარად ის, რომ რასაც საქართველოს საყვედურობდნენ, თითქოს არ გვქონდა გარე გავლენების გამჭვირვალობის მოთხოვნის უფლება, ეს თავად არ გაეკეთებინათ და არ ყოფილიყო ზედმეტად აშკარა. ცოტა დრომ რომ გაიარა, ახლა ცდილობენ სხვანაირი შეფუთვით წარმოადგინონ, თითქოს რაიმე განსხვავებაა ქართული მიდგომისგან. ეს არის ფარისევლობა და ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს. ეს არის ყველაზე კარგი დასტური ამ ფარისევლობისა. თითქოს უნდათ შეფუთონ, რომ არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოებს. როგორ გეკადრებათ, ეხება ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ ლობიზმით არის დაკავებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? კონგრესში და სხვა ქვეყნის პარლამენტებში ჩვენებას რომ აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინანსებით რომ ცდილობენ სხვადასხვა რეგულაციები თავს მოგახვიონ. ვინ უწევდა ბრიუსელის დაფინანსებით საქართველოში ვეტინგის სისტემას ლობიზმს? – ეს ენჯეობი. ამის გამჭვირვალობას ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. ასე რომ, სამარცხვინოა, რომ ბრიუსელის დაფინანსებით ლამის ქვეყანაში ადამიანი ადამიანს წაკიდონ, აამხედრეს ხელისუფლების, პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი ენჯეოები, შარშან ლამის პარლამენტის შენობა გადაწვეს და ახლა მშვიდად, საკუთარი ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ. ზუსტად, ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და ახლა კეთილი ინებოს ბრიუსელმა, დაემორჩილოს ქართულ კანონმდებლობას და ფარულ დაფინანსებას შეეშვას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები