შალვა პაპუაშვილი: გავა წლები და მწარე ირონიით გავიხსენებთ, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება სიყალბით
,,გავა წლები და ადამიანების ამ ჯგუფს გავიხსენებთ იმ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით და ეს სიყალბე ევროკავშირის დროშით როგორ მოძრაობდა თბილისის ქუჩებში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარი დაკვირვების საგანი არის ის, რომ რამდენად მოწოდებულია ზოგიერთი დასავლეთში, რომ სიყალბე პოლიტიკის ნაწილად აქციონ. ერთი წელი ვაკვირდებით სიყალბეს, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია მისი ფინანსური, პროპაგანდისტული რესურსებით ცდილობს ტვინი გამოურეცხოს საქართველოში დაქირავებულ ორგანიზაციას თუ მის მიმდევრებს. ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიაში დარჩება.
გავა წლები და ადამიანების ამ ჯგუფს გავიხსენებთ იმ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით და ეს სიყალბე ევროკავშირის დროშით როგორ მოძრაობდა თბილისის ქუჩებში. სამწუხარო ის არის, რომ დღეს ბრიუსელმა შეძლო ის, რომ საკუთარი თავი გააიგივა ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.