ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–იორკში სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ნიუ–იორკში სწავლობენ.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა; ახალგაზრდებმა პირადად პრემიერ–მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტები. მათი თქმით, საინტერესო საუბარი შედგა და ირაკლი ღარიბაშვილმა მათ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ–მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა.