სამტრედიაში ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური საგუშაგო გაიხსნა

  როგორც „კვირას“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საგუშაგო დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, ახალი საგუშაგო შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და მოხდეს ამინდის პირობების ოპერატიულად შეფასება.
“დამონტაჟებული აპარატურით ავტომატურ რეჟიმში ხდება ნალექების რაოდენობის, ტემპერატურისა და ატმოსფერული ჰაერის სინოტივის გაზომვა, მონაცემები კი, ონლაინრეჟიმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში გადაიცემა”, – განმარტავენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, საგუშაგო ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, პროექტის – “წყალდიდობისა და წყალმოვარდნების მართვის კლიმატისადმი მდგრადი პრაქტიკის შემუშავება მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა.
“საქართველო ჩართულია მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაში. მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას სადღეღამისო რეჟიმში სამ საათში ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს 14 მეტეოსადგურიდან. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, დგება გლობალური მასშტაბის ამინდის პროგნოზები, რომლებიც CNN-ითა და მასმედიის სხვა საშუალებებით ვრცელდება”, – აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები