“სოლიდარობის ფონდი” 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდებს დაეხმარება
“სოლიდარობის ფონდი” დღეიდან 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება. სოლიდარობის ფონდი დღეიდან იწყებს აპლიკაციების მიღებას 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ონკოლოგიური პაციენტების დასაფინანსებლად, როგორც სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
“ფინანსური პროექტირების საფუძველზე, “სოლიდარობის ფონდის” კომისიამ გადაწყიტა, რომ თურქული კომპანიის 500,000 -ლარიანი დონაციით დაუყოვნებლივ დაიწყოს პროგრამების გაფართოება 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიურ პაციენტთა დასახმარებლად. განსაკუთრებით დასაიმედებელია, რომ ფონდი შეძლებს არა მხოლოდ სოლიდური სიმსივნით, არამედ ნებისმიერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარებას”, – აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა კომპანიამ ერთჯერადი დონაცია განახორციელა, დღეისათვის ფონდმა უკვე მიიღო 30,000-ზე მეტი საჯარო მოხელის თანხმობა ყოველთვიურ დონაციაზე, რაც პროგნოზულად სექტემბრის ბოლოსათვის 150,000 ლარს, ხოლო ოქტომბრიდან ყოველთვიურად 200,000 ლარს შეადგენს. აღნიშნულს ემატება უკვე ხელმოწერილი თანამშრომლობითი მემორანდუმები “ლიბერთი ბანკთან” და “საქართველოს ბანკთან” და მიმდინარეობს მუშაობა კორპორატიული თანამშრომლობის გაფართოებაზე.
წინასწარი გათვლებით, 2015 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორის აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება 400,000 ლარამდე თანხის მობილიზება, რაც საშუალებას მისცემს ფონდს უწყვეტ რეჟიმში განაგრძოს, 21 წლის ასაკის ჩათვლით, ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებები. განცხადების ფორმების მიღება შესაძლებელია მთავრობის ადმინისტრაციაში (თბილისი, ინგოროყვას ქ. 7) ან ელ-ფოსტის საშუალებით: solidarity@geo.gov.ge