„მოსმენების კანონიერებაზე პასუხისმგებელი მობილური ოპერატორიც უნდა იყოს“

  „ნებისმიერი ადამიანი ხელშეკრულებას მობილურ კომპანიასთან აფორმებს, შესაბამისად, მოსმენების კანონიერებაზე პასუხისმგებელი სწორედ მობილური კომპანია უნდა იყოს“, – აღნიშნული განცხადება უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ფარული მიყურადების თემასთან დაკავშირებით ხაბურძანიამ მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მხოლოდ ერთ ოპერატორს უსმენდნენ:
„ე.წ. მოსმენები, ჩემი უშიშროების მინისტრობის დროს დაიწყო და ამ საქმეში მეტნაკლებად ჩახედული ვარ. კომისიაში, რიმელიც დღეს ფარული მოსმენების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, სამწუხაროდ, ვერც ერთ ექსპერტს და პროფესიონალს ვერ ვხედავ. ჩემს დროს მხოლოდ ერთადერთ ოპერატორს – „ჯეოსელს“ უსმენდნენ. თუმცა, ოპერატორის თანხმობის გარეშე რომელიმე აბონენტის ჩართვა შეუძლებელი იყო. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ოპერატორის თანხმობის და სასამართლოს ნებართვის გარეშე პირს ფარულად არ უსმენენ. ე.წ. გასაღები, რაზეც დღეს არის საუბარი, ინფორმაციაზე დაშვებას ნიშნავს და ყველაზე მისაღებია, როცა მოსმენა მობილური ოპერატორის თანხმობით ხდება“, – აღნიშნა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ „კვირას“ პრესკლუბში. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი სქემით სამართალდამცავ სტრუქტურებს შეუძლიათ, ნებისმიერ პირს შეზღუდვის გარეშე მოუსმინონ. „ფაქტობრივად, დღეს ეს ყველაფერი უკონტროლოა. არადა, პირი ხელშეკრულებას დებს მობილურ ოპერატორთან და მოსმენების კანონიერებაზე ისიც პასუხისმგებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა ხაბურძანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები