ნიუ-იორკში სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სხდომის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ში მოლდოვას რესპუბლიკის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნატალია გერმანმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამ-ის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს და მათ მშვიდობიან მოგვარების საკითხს. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა სხდომის ოქმს.
ამასთან, ნიუ-იორკში, ტრადიციულად, გაიმართა სუამ-აშშ ფორმატის მე-20 შეხვედრა, რომელშიც, აშშ-ის მხრიდან მონაწილეობა მიიღო ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკ რუბინმა. მხარეებმა განიხილეს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და დაადასტურეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა სუამ-ის ფარგლებში რეგიონალური თანამშრომლობა და სუამ-აშშ ფორმატში მიმდინარე პროექტების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები