დედა თამარი საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი დედა თამარი საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ვეფხია ოდიშარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. როგორც მონაზონი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ვეფხია ოდიშარიამ მისი მდგომარეობა არ გაითვალისწინა და რეცეპტის გამოწერაზე უარი განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დედა თამარმა შიმშილობა დაიწყო. დედა თამარი ოთხი წელია ლოგინადაა ჩავარდნილი და ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს. ვეფხია ოდიშარიამ მისი მდგომარეობა არ გაითვალისწინა და რეცეპტის გამოწერაზე უარი განუცხადა. დედა თამარმა ამ მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო, მაგრამ ექიმებმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო კატეგორიულად აუკრძალეს.
„რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოვყევი, ოთხი წელია ვეღარ დავდივარ, ყოველდღე უამრავ წამალს ვსვამ. რამდენიმე დღის წინ, დილის ექვს საათზე, ფეხებზე სისხლი ჩამექცა და მდგომარეობა უფრო დამიმძიმდა. ამიტომ საპატრიარქოს საავადმყოფოში ვეფხია ოდიშარიას დავურეკე, ვთხოვე, ვერ დავდივარ, ძმას გამოვგზავნი და რეცეპტი მიეცით-მეთქი. ჩემი ანკეტა საავადმყოფოშია, სადაც მკურნალობის კურსს გავდიოდი. მიპასუხა, კანონს არ დავარღვევ, მობრძანდით საავადმყოფოში, ფულს არ გადაგახდევინებთო. ისიც მითხრა, ჩემთან ერთად მთავარი ექიმიც იმყოფებაო. თუ ასეთი კანონმორჩილია, ჩემთვის გამონაკლისი რატომ დაუშვა? ექიმთან ვიზიტისთვის ფულს ხომ ყველა იხდის. უბრალოდ, სასაცილოდ ამიგდო. ჩემზე მეტად ვის უნდა, რომ გავიარო, მაგრამ… იმ დღეს იოაკიმე და ანას ხსენების დღე იყო. ოდიშარიამ ექიმი საღამოს 9 საათზე მომიყვანა და დღესაც ამას მამადლის“, – აცხადებს დედა თამარი.
„ვერსიის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამოეხმაურნენ თუ არა საპატრიარქოდან იმ პერიოდში, როცა შიმშილობდა, დედა თამარი აცხადებს, რომ საპატრიარქოზე საუბარი არ სურს. დედა თამარის ინფორმაციით, იგი 12 წელია ნესტიან კელიაში ცხოვრობს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
„12 წელია კელიაში ვცხოვრობ. ეკლესიაში შემოსვლისთანავე ნესტში შემომაგდეს და სველ ლოგინში მეძინა. ჩემი მძიმე დაავადებებიც ამის შედეგია. ჩუმად ვიყავი და დედაეკლესიას ვუფრთხილდებოდი. ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვების წამება შეუძლიათ. ვიხვეწებოდი, მიშველეთ, ვერ გავივლი-მეთქი, მაგრამ ეს თითქოს აწყობდათ კიდეც. ზაფხულში, პაპანაქებაში, ჩემი შვილის საფლავზე ავედი. 8 დღე ვიჯექი საფლავის ქვასთან. იცოდნენ, სად ვიყავი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არავის ვუკითხივარ. გონებადაკარგული წამომიყვანეს იქიდან“, – აცხადებს დედა თამარი „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები