პროკურატურა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების ოფშორული ანგარიშების შესახებ ინფორმაციებს ფლობს

საქართველოს მთავარ პროკურატურას სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების ოფშორული ანგარიშების შესახებ ინფორმაციების გარკვეული ნაწილი უკვე აქვს – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, გამოძიებას ინფორმაცია სააკაშვილის გუნდის იმ წევრებისგან მოუპოვებია, რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და თავის გადარჩენის მიზნით, თუ რაიმე საიდუმლო იციან სააკაშვილის შესახებ, ყველაფერი დაფქვეს.
„წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილის გარდა, ოფშორულ ზონებში პირადი ანგარიშები აქვთ: ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს, გიგი უგულავას, ამირან მესხელს, ბაჩო და დათა ახალაიებს, კახა ბენდუქიძეს, დავით საყვარელიძეს, გიორგი ბარამიძეს, გოკა გაბაშვილს, გიორგი ვაშაძეს, მამუკა ახვლედიანს, აგრეთვე, სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და ამ ანგარიშებზე ინახება, მინიმუმ, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი.
გარდა ამისა, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, კახა ბენდუქიძის, ამირან მესხელისა და გიული ალასანიას სახელზე, ასევე ოფშორულ ზონებში, რეგისტრირებულია კომპანიები და ამ კომპანიების ანგარიშებზეა დალექილი ასევე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი. ცხადია, ორივე შემთხვევაში, ეს საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ანდა, ქართველ ბიზნესმენთათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაყიდვით მიღებული ფულია. პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ ზურაბ ადეიშვილის სახელზე რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე ინახება „საქართველოს შსს-დან და „პროკურატურის ფონდიდან“ გამქრალი თანხები.
შეგახსენებთ, რომ ეს ის ფონდია, სადაც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ბიზნესმენებს აიძულებდნენ, თანხები გადაერიცხათ ვითომ სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმებისთვის, ასევე, ამ ფონდში ფული შეჰქონდათ საპროცესო გარიგებების შედეგად საპატიმროდან განთავისუფლებულ ადამიანებს. ისინი ამ გარიგების თანახმად, ბიუჯეტში ოფიციალურად იხდიდნენ ფულს და დამატებით, არაოფიციალურად ფონდშიც შეჰქონდათ. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ზურაბ ადეიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოდან გაიქცა. წყაროს ინფორმაციით, ვიდრე ადეიშვილი უცხოეთში წავიდოდა, ფონდში დარჩენილი დაახლოებით 30 მილიონი დოლარი, ჯერ ერთ-ერთ ევროპულ ბანკში გადარიცხა და ამის შემდეგ, შესაბამისი მანიპულაციებით, მის ოფშორულ ანგარიშზე მოხვდა. წყაროს თქმით, „ნაციონალების“ ფული, ასევე, ალბანეთის ბანკებში ინახება და სექტემბრის დასაწყისში სააკაშვილი სწორედ იმიტომ სტუმრობდა ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას, რომ საკუთარი და მისი პარტიის სხვა ლიდერთა იქაურ ბანკებში შენახული ფულის ხელშეუხებლობის გარანტია მიეღო. მიშას ეს გარანტიები მიუღია და მშვიდად დატოვა ალბანეთი. თუმცა, ეს გარანტიები ვერ არის მყარი, რადგან, თუ ინტერპოლმა გამოითხოვა ამ ბანკებში „ნაციონალების“ ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, საერთაშორისო პოლიციას წინ ვერც ალბანეთის პრემიერი დაუდგება. წყარო აცხადებს, რომ პროკურატურის ამ მოქმედებების საბოლოო მიზანი, მიხეილ სააკაშვილის, მისი გარემოცვის წევრთა კერძო და მათ სახელზე რეგისტრირებული კომპანიების ანგარიშების „დევნის“ მიზანი ამ ანგარიშების დაყადაღებაა, რადგან მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ, რომ ეს თანხები კანონდარღვევით არის მოპოვებული და მითვისებული. თუ ამას მიაღწია პროკურატურამ, შემდეგი ეტაპი, ამ ფულის საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნება იქნება. ლოგიკურად კი, თუ ამ თანხების უკანონო წარმომავლობა დაამტკიცა პროკურატურამ, მას არც იმის დამტკიცება უნდა გაუჭირდეს, რომ ეს მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან მითვისებული თანხებია“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები