ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვა

დღეს, სახელმწიფო კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი დაიხურება. 19:30 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში სიმპოზიუმის დახურვისადმი მიძღვნილი საზეიმო გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართული და უცხოური ანსამბლები მონაწილეობენ.
წლევანდელი სიმპოზიუმი რიგით მეშვიდეა, მასში მონაწილეობს 43 მეცნიერი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (მათ შორის, საქართველოდან). მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სამეცნიერო სესიები, კონცერტები და ფილმების ჩვენება. ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმი 2014 წლის 22-26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს პრეზიდენტის პატრონატითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. 1984 წელს თბილისის კონსერვატორიაში პირველად ჩატარდა მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში, მონაწილეობდნენ დასავლეთის გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგები. ამ კონფერენციებმა 2002 წლიდან ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა. თბილისის სიმპოზუმებმა უკვე შეასრულეს უდიდესი როლი – ქართულ მრავალხმიან სიმღერა-გალობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები სწავლობენ და ერთხმად აღიარებენ ქართული მრავალხმიანობის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები