გიორგი ცუცქირიძე: „ლარის კურსი უფრო გამყარების მხარეს წავა, დაახლოებით 2,77 – 2,82-ის დიაპაზონი, შეიძლება, იყოს“

„ჩემი შეფასებით, ლარის კურსი უფრო გამყარების მხარეს წავა. დაახლოებით 2,77 – 2,82-ის დიაპაზონი, შეიძლება, იყოს“, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პერიოდულად კურსი შეიძლება, ცოტა აიწიოს, მაგრამ, ძირითადად, მაინც 2,80-ის ქვემოთ იქნება.

„თქვენ გაინტერესებთ, რა იქნება ზაფხულში. დღევანდელი მოცემულობით, ლარი სტაბილურია, ლარის კურსი მყარდებოდა, ეს განსაკუთრებით ბოლო დღეებში ვნახეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ე.წ. გაურკვევლობა და მოლოდინები გადავლილია, ჩვენ ზაფხულის ეკონომიკურ პანორამას უნდა შევხედოთ. ზაფხულში, როგორც წესი, ლარი მყარდება ხოლმე. როგორც წესი, იმპორტი მცირდება , პირველ რიგში, ეს სასურსათო პროდუქციას ეხება, მისი ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით ხდება. იმპორტის შემცირება ნაკლები ვალუტის გარეთ გასვლას ნიშნავს, იზრდება ვალუტის შემოდინების წყარო, ესაა მომსახურების ექსპორტი, ანუ ტურიზმი. ახლა ტურისტული სეზონის პიკურ ტრენდზე გასვლას ვიწყებთ, რომელიც ზაფხულის განმავლობაში გრძელდება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი მოლოდინი უნდა გვქონდეს. პროგნოზია, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სარეკორდო იქნება. შარშან ხომ ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო – 3 მილიარდს გადაცდა. წელს კიდევ უფრო მეტს ელიან. ეს ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყაროა დადებითი სავალუტო ბალანსისა. ექსპორტის ზრდასაც უნდა ველოდოთ, ტრადიციულად საქონლის ექსპორტი იზრდება ხოლმე, რაც სავალუტო ბალანსზე პოზიტიურად აისახება. ჩემი შეფასებით, ლარის კურსი უფრო გამყარების მხარეს წავა. დაახლოებით 2,77 – 2,82-ის დიაპაზონი, შეიძლება, იყოს. პერიოდულად კურსი შეიძლება, ცოტა აიწიოს.ამ მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ძირითადად, მაინც 2,80-ის ქვემოთ იქნება.
კიდევ ერთი საკითხი ინფლაცია- საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფასებზე დადის, ანუ ჩვენს ჯიბეზე. თუ კურსი გაუფასურდება, ეს ნეგატიურად აისახება ხოლმე სამომხმარებლო ფასებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და ბუნებრივია, იმპორტიორები სავალუტო რისკის დაზღვევას აწეული ფასით ახდენენ. ეს საწვავსაც და, ნებისმიერ პროდუქციასაც ეხება. მაგრამ, თუ ჩამოვყალიბდებით, რომ კურსი გამყარებისკენ იქნება, ინფლაცია დაბალი დარჩება“- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, დღეს აჟიოტაჟური პერიოდი, ფაქტობრივად, გადავლილია. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, კურსის გაუფასურება რამე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით გამოწვეული არც მაისში ყოფილა.

„მაისში ლარმა გარკვეული რყევა განიცადა. აჟიოტაჟური ფაქტორი იყო, მათ შორის სპეკულაციური, რაც ეროვნულმა ბანკმაც აღნიშნა. დღეს რეალურად ეს აჟიოტაჟური პერიოდი, ფაქტობრივად, გადავლილია. როცა მსგავსი პერიოდებია, როცა აჟიოტაჟი ხდება, მას ყოველთვის აქვს ხოლმე თანმდევი, ინერციული პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდებში კურსი ახალ წონასწორობის წერტილს ყოველთვის ეძებს. ეს წონასწორობის წერტილი, შეიძლება, 1-2 დღეში არ დადგეს, მაგრამ გარკვეული პერიოდში, მაგალითად, 1 თვის დიაპაზონში ყოველთვის რაღაც ახალი მოცემულობა უნდა იყოს, რასაც რეალურად დღეს ვხედავთ. ეს ორი ფაქტორით არის განპირობებული. თუ კურსი სტაბილურდება, ანუ, ფაქტობრივად, გაუფასურებამდე ნიშნულს უბრუნდება (შეიძლება ზუსტად იმ ნიშნულზე არ დაბრუნდეს), ეს იმას ნიშნავს, რომ კურსის გაუფასურება არც მაისში ყოფილა რამე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული. ეს , პირველ რიგში, მოგეხსნებათ საგადამხდელო ბალანსია , როცა ის უარესდება კურსზეც აისახება. რომ შევაფასოთ, თუ ეს გამოვრიცხეთ, შეიძლება, მეორე ფაქტორიც იყოს, რომელიც, შეიძლება, გარკვეული ინდიკატორი იყოს , ესაა საერთო დეპოზიტების ქცევა. როცა არის რყევები, ან ბაზარზე გაურკვევლობა, პეიმისტური მოლოდინებია, ადამიანებმა არ იციან, ხვალ რა შეიძლება, მოხდეს, ისინი, ვისაც ლარში აქვთ დეპოზიტები, ხშირად კონვერტაციას მათი შეფასებით, უფრო დაცულ ვალუტაში ახდენენ, რაც ლარზე დაწოლას აძლიერებს. ასევე შეიძლება, იურიდიულ პირებზე ითქვას, რომლებიც უცხოური ვალუტის შეძენას წინმსწრებად იწყებენ ხოლმე, აქ, პირველ რიგში, იმპორტიორები არიან აღსანიშნავი. ეს ორი ძირითადი ფაქტორი ზემოქმედებს.
თუ მივყვებით ჩვენს მსჯელობას: რა ხდება დეპოზიტებზე – სალარე დეპოზიტები მთლიანობაში 18 %-ითაა გაზრდილი, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მთლიანობაში შიდა მეურნეობების დეპოზიტები 33 %-ითაა გაზრდილი. ფაქტობრივად, სალარე დეპოზიტები სამჯერ გაზრდილია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ, მოსახლეობაში პანიკა არ ყოფილა. გაურკვევლობა მოკლევადიანი იყო და ამან რყევა გამოიწვია, რომელიც განვითარდა. ასევე მნიშვნელოვანია, ეკონომიკა როგორი დაკრედიტების ფაზაში იყო. როცა სალარე დეპოზიტები იზრდება ხოლმე, ეს ბანკებისთვის კარგი ბაზა, რომ სესხების გაცემა უფრო აქტიურად მოახდინონ. ვხედავთ, რომ სესხებიც 19 %-ითაა გაზრდილი.(საკრედიტო პორტფელი ლარში). ესეც აჩვენებს იმას, რომ უკვე ამ თვის ბოლოს ჩვენ ეკონომიკის საკმაოდ კარგი ზრდა გვექნება. აპრილში სარეკორდო იყო, როცა ზრდამ 11,8 % შეადგინა. მესამე საკითხია, როგორია ინვესტორების განწყობა თუნდაც ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც ლარის კურსზე ზემოქმედებს, მოგეხსენებათ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. გაცხადდა ახალი ინფორმაცია, რომ „კრედო ბანკმა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოიზიდა . 13 მილიონი დოლარის ინვესტიცია საკმაოდ კარგი მანიშნებელია იმისა, რომ ინვესტორთა მოლოდინიც პოზიტიურია. ვნახავთ, რომ ეს მოლოდინი სხვა ბანკებთან მიმართებაშიც აისახება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები