რა იცვლება საპენსიო სისტემაში – ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტება

ირაკლი ნადარეიშვილი – საპენსიო სისტემაზე: ერთადერთი, რაც იცვლება, ეს არის ბორდის წევრების დამტკიცების ნაწილი, რომელიც პარლამენტიდან გადმოდის პრემიერზე და ესეც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საპენსიო ფონდის მმართველობაში შესატან ცვლილებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, კანონის დონეზე მკაცრდება კრიტერიუმები, უფრო დამოუკიდებელი ხდება კომისია და ძალაშია საერთაშორისო კონკურსი.

მინისტრის მოადგილის თქმით, ერთადერთი, რაც იცვლება, ეს არის ბორდის წევრების დამტკიცების ნაწილი, რომელიც პარლამენტიდან პრემიერზე გადმოდის, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია.

„ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესის და ჩვენი, როგორც მთავრობის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენს ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის საპენსიო ფონდს, დანაზოგებსა და, ზოგადად, იმ საპენსიო რეფორმის მიმდინარეობას უკავშირდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო 5 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ცვლილებებს, არის რამდენიმე ცვლილება, ეს არის ძირითადი მმართველობითი სტრუქტურის ცვლილება და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ რეფორმა დაიწყო 2019 წელს ნულიდან, რაც განაპირობებდა იმას, რომ გარკვეული გამოწვევები იყო. იყო ნაკლები გამოცდილება, ცოდნა, ნაკლები ნდობა მოსახლეობის მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო გასაწევი ინსტიტუციური მშენებლობისათვის, რათა ეს რთული და კომპლექსური სისტემა, საპენსიო სქემა შექმნილიყო. ამიტომ, თავის დროზე, ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ, პირველ ეტაპზე, ყოფილიყო სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა რეფორმის განვითარებაში და ეს გამოიხატა იმაში, რომ, დღევანდელი დღის ჩათვლით, საპენსიო საბჭოს მართავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც სამი მოქმედი მინისტრისგან შედგება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ მკაფიოდ ყოფილიყო გამიჯნული მთავრობის ჩარევა ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილებისგან. ამან განაპირობა ის, რომ შეიქმნა მეორე მმართველობითი რგოლი ერთსა და იმავე სისტემაში. საინვესტიციო საბჭო მთლიანად დარგის პროფესიონალებისგან დაკომპლექტდა. მივიღეთ ერთგვარი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც ერთ ორგანიზაციაში მუშაობს, რამაც ცალსახად შეასრულა თავისი ფუნქცია, თუმცა ყველას გვესმოდა, რომ გარკვეულ მომენტში ასეთი ჰიბრიდული მიდგომისა და მართვის მოდელის საჭიროება აღარ იქნებოდა.

წარდგენილი განაპირობებს იმას, რომ მინისტრები მთლიანად გამოდიან მმართველობიდან და ბორდი მთლიანად ხდება პროფესიონალური. შესაბამისად, ორი ბორდის არსებობის საჭიროება აღარ არის, ვინაიდან მთლიანად არის დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ამიტომ ხდება გაერთიანება. ეს არის ჩვეულებრივი და მიღებული სტანდარტი – ნებისმიერ დასავლურ და განვითარებულ სახელმწიფოში ასეთი და სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების სამართავად.

საქართველოს მთავრობის მხრიდან, დამატებით, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების დელეგირება პროფესიონალურ მმართველობით საბჭოში. დღეს თუ სამეთვალყურეო საბჭო და საქართველოს მთავრობა ადგენს ბიუჯეტს, ნიშნავს დირექტორებს, ამტკიცებს დებულებას – ყველა ამ გადაწყვეტილების დელეგირება ხდება პროფესიონალურ საბჭოზე, თუმცა ყველას გვესმის, რომ ამ დელეგირებასთან ერთად, არსად არ მიდის ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას საპენსიო ფონდის გამართულ და წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ერთგვარი ბალანსი მინიმალურად მაინც რომ იყოს შენარჩუნებული, პასუხისმგებლობას თან ახლდეს მთავრობის მხარეს გარკვეული მინიმალური ბერკეტი, მხოლოდ დანიშვნის ნაწილში ხდება ცვლილება, თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

დღეს კანონით არის გაწერილი ყველა მინიმალური კრიტერიუმი, რომელსაც ბორდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს. შეთავაზებული ცვლილებით, ეს კრიტერიუმები კიდევ უფრო მკაცრდება. დღევანდელი მოწყობით, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც არჩევს ამ კრიტერიუმების შესაბამისად, საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე კანდიდატებს და წარუდგენს დასამტკიცებლად. რა თქმა უნდა, ეს კომისია ნარჩუნდება და დამატებით იზრდება დამოუკიდებელი წევრის რაოდენობა. კანონის დონეზე ვამკაცრებთ კრიტერიუმებს, უფრო დამოუკიდებელს ვხდით კომისიას, ძალაშია საერთაშორისო კონკურსი და ერთადერთი, რაც იცვლება, ეს არის ბოლო რგოლი, დამტკიცების ნაწილი, რომელიც პარლამენტიდან გადმოდის პრემიერზე და, აქაც, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ესეც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები