ფოლადაურის ხეობაში მდებარე ნაეკლესიარის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო

ფოლადაურის ხეობაში მდებარე ნაეკლესიარის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ბოლნისის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 1.3 კმ მანძილზე, ფოლადაურის ხეობაში, მდებარეობს შუა საუკუნეების ნასოფლარი, ეკლესიის ნანგრევებითა და სამაროვნით. ნაეკლესიარი ნასოფლარ თალას ტერიტორიაზე მდებარეობს. გზის პირას არსებული ტყიანი ფერდის დასავლეთ კალთაზე ფიქსირდება ქვითკირის ნაგებობის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოადგენს შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევს, სადაც განირჩევა მიწის პირზე შემორჩენილი ფლეთილი თუ გამოტეხილი ქვები, უხეშად დამუშავებული კლდოვანი ქვის მასშტაბური კვადრები, წაქცეული კედლების ქვა-ყორის დუღაბისგან დარჩენილი რამდენიმე მონოლითური ფრაგმენტი.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეკლესიის ნანგრევების არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო.
საველე სამუშაოების დროს ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაიწმინდება, დადგინდება ნაეკლესიარის გეგმარება და განხორციელდება გამოვლენილი კედლების პრეპარაცია. ასევე, ობიექტი ჩაიხაზება გრაფიკულად, მოხდება მისი ფოტოფიქსაცია და შესრულდება არქეოლოგიური ანაზომი.
სამუშაოებს სააგენტოს არქეოლოგები წარმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები