ცესკო ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
ცესკოს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მათ ჩართულობასა და როლზე ესაუბრა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნების ისტორია, საარჩევნო უფლება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობები, დეზინფორმაციის გავლენები და მისი შედეგები საარჩევნო პროცესში.
საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე, რომელსაც უწყება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იყენებს, უფრო დეტალურად ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. მან ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი პორტალის disinfo.cec.gov.ge. შესახებ, საიდანაც ყველას შეუძლია მიიღოს სწორი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე. ასევე მან ისაუბრა ცესკოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე, რომელიც პერიოდულად მზადდება, ვებგვერდზე ქვეყნდება და საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
უშუალოდ საარჩევნო პროცესის ორგანიზების, ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილმა მიაწოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა: „ახალგაზრდებთან კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონებში შეხვედრები გაგრძელდება, რათა რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას შევხვდეთ, ვისაუბროთ მათთან და გავცვალოთ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, მოვისმინოთ მათი წუხილები და რეკომენდაციები, რომლებსაც შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინებთ. სწორედ ასეთი შეხვედრები უზრუნველყოფს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათი ჩართულობის ზრდას.“
21 მაისს ადიგენში გამართული შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.
შეხვედრის დასასრულს მემორანდუმის და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ახალგაზრდობის სააგენტოს მუნიციპალური სამმართველოს უფროსმა ელზა შამათავამ, რომელმაც ახალგაზრდებს ინფორმაცია სააგენტოს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და პრეს-სპიკერი ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიას და სამცხე – ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორს სოსო პარუნაშვილს შეხვდნენ და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს.