შალვა პაპუაშვილი: დანიაში ქალების სტერილიზაციის ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა და დღემდე არავინ არის დასჯილი, ისევე, როგორც არავის აქვს იმედი, რომ ვინმე დაისჯება პოლიციელების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით
“დანიაში ქალების სტერილიზაციის ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა და დღემდე არავინ არის დასჯილი, ისევე, როგორც არავის აქვს იმედი, რომ ვინმე დაისჯება პოლიციელების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ.
„ეს აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. იმ კადრებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამისთვის ძაღლები უნდა მიექსიათ ადამიანებისთვის და ხელკეტებით შემდგარიყვნენ, ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე და დაისაჯოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული. აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. მოახდინეს მოტყუებით სტერილიზება ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, მათ შორის არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართულები იყვნენ. დღემდე ისინი საექიმო პრაქტიკას ეწევიან.
ეს პრაქტიკა გათანაბრებულია ბევრის მხრიდან გენოციდთან. როდესაც არის ასეთი შეფასება, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან, ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ და არ სჯიან დამნაშავეებს. ეს არის აღმაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასევე რეაქციები ქართველი რადიკალების მხრიდან ამ თემაზე, რომ კი, რა თქმა უნდა იქ იყო ძალადობა, მაგრამ სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაც ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე.
ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, რომ მთავარია იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება სცემო მშვიდობიანი მომიტინგეები. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა. აქ ერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რომ მათ ეშინიათ გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე. და მეორე, რომ შეიძლება ეს მათთვისაც მისაღები არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.