წარსულში ნაპოვნი მომავალი…

          ის პროფესიით ფიზიკოსია, წლების წინ, როცა კრიოგენულ ლაბორატორიაში შრომობდა და მეცნიერ-პრაქტიკოსობაზე ოცნებობდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ წარმატებული კარიერა სულ სხვა ფრონტზე ელოდა… თამუნა ლეჟავას მომავალი მის ბავშვობისდროინდელ ზარდახშაში თვლემდა და ზღაპრული ჯინივით ელოდა გათავისუფლებას, მთელი 25 წელიწადი…

– როგორ მოხდა შენი ტრასფორმაცია, სად უპოვე კრიოგენულ ფიზიკას და სამკაულების დიზაინს კვეთის წერტილი?

– წარსულში (იცინის)…  ყველაფერი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, ძალიან გამხდარი, უჭმელი ბავშვი ვიყავი. ზაფხულობით თიანეთში ჩავდიოდი ბებიასთან, რომელსაც აქვე ვიტყვი, ძალიან ეხერხებოდა ყველანაირი ხელსაქმე, მათ შორის სამკაულების კეთებაც. ჰოდა, ერთხელ, იქაურ „უნივერმაღში“ ვიყავით და მოულოდნელად ერთ-ერთ განყოფილებაში წავაწყდით უამრავ, ულამაზეს ბისერებს. მოჯადოებულივით ვუყურებდი. ბებიამ მკითხა „რომ გიყიდო, საჭმელს შეჭამ?“ სასწრაფოდ დავუქნიე თავი (იცინის). მას შემდეგ კიდევ არაერთხელ ვესტუმრეთ იმ „უნივერმაღს“ და როცა თბილისში დავბრუნდი, თან მთელი ზარდახშა ბისერი წამოვიღე. მაგრამ მაშინ მათ მხოლოდ ვუყურებდი, ვტკბებოდი ჩემი სიმდიდრით (იცინის.) ზარდახის შიგთავსი მხოლოდ წლების შემდეგ გამოვიყენე, პირველი 10 სამკაული, ბებიის ნაჩუქარი ბისერით გავაკეთე. მანამდე არც გამხსენებია, ვშრომობდი ჩემთვის ფიზიკის ინსტიტუტში, სანამ ქვეყანას მეცნიერებისთვის კიდევ ეცალა, სანამ ყველაფერი არ აირია…

– დიზაინის კუთხით, როდის დაიწყო ყველაფერი? შენი გაკეთებული პირველი სამკაული გაიხსენე…10478695_10203018579291660_892211781_o

– პირველი სამკაული დაახლოებით 10 წლის წინ გავაკეთე. ეს იყო შავი, ბისერის ყელსაბამი. თავიდან ყველაფერი ჰობის დონეზე დაიწყო, მაშინ ვერ კი ვიფიქრებდი, რომ უწყინარი გართობა რაიმე სერიოზულში გადაიზრდებოდა… მერე ჩემმა დამ ჩამომიტანა კატალოგი 500 BEADED OBJECTS  და იმ კატალოგმა დამშოკა (იცინის). 2-3 კვირა შეუსვენებლივ ვათვალიერებდი და ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ მეც შემიძლია ამ სფეროში დამკვიდრება და საინტერესო ნამუშევრების  კეთება.

– რამ მოგცა ეს რწმენა?

– პირველ რიგში, უბრალოდ დავიჯერე… საკუთარი ძალების რწმენა კი, ძირითადად, იმ ადამიანების რეაქციებმა მომცა, ვინც ჩემს ნაკეთობებს ნახულობდა. შეიძლება გაითამაშო აღფრთოვანება, მაგრამ როცა ის გულწრფელია, ემოციურ დონეზე დაუბრკოლებლად აღიქმება… ამოსავალი წერტილიც სწორედ ეს იყო, მნახველის დაინტერესება, დაინტრიგება, აღფრთოვანება.

– მუშაობის დროს მარტო სამუშაოზე ფიქრობ, თუ ხდება ხოლმე, როცა ხელები „ავტოპილოტზე“ მუშაობენ?

– ჩემი საქმე აბსოლუტურ კონცენტრაციას ითხოვს, ყოველი ბისერის ადგილი წინასწარაა გათვლილი, სამკაული პატარა შეცდომასაც არ გაპატიებს… თუმცა დასვენებულზე შესაძლებელია „ავტოპილოტზე“ გადასვლა, შეგიძლია იფიქრო გარეშე თემებზე, ან ფილმს უყურო ცალი თვალით… მაგრამ ყურადღებას ბოლომდე მაინც ვერ მოადუნებ… როცა ვიღლები, ვისვენებ, ფერწერა ხომ არ არის, საღებავები რომ გაშრეს (იცინის).

– მოდი, შენს დიზაინერულ მიღწევებზე მოგვიყევი, როდის მოვიდა წარმატება?10709906_10203018579691670_176574725_o

– 2007, 2009, 2010 წლებში პერსონალური გამოფენები, გალერეა ” ბაიაში” შარდენის ქუჩაზე; 2009-ში მოსკოვის “ბისერ-ფესტი”; 2011-ში ANOUKI BICHOLLA-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სამკაულებით გაფორმება; თბილისის მოდის კვირეულები (2011-12წ); ტალინის მოდის კვირეული 2012; იმავე წელს უკრაინულმა ჟურნალმა-“fashion” ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ყდაზე განათავსა; ასევე 2012 წელს შეერთებულ შტატებში გამოცემულ კატალოგში SHOWCASE 500 BEADED JEWELRY ჩემი 4 ყელსაბამი, მე კი 25 საუკეთესო დიზაინერს შორის მოვხვდით, ყელსაბამი “1001 NIGHTS”  ავტორებმა მიიჩნიეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მთელ კატალოგში, რაც მითითებულია კატალოგის ანოტაციაში, მის ყდაზე. 2013 წელს საერთაშორისო კონკურსზე- Bead Dreams (შეერთებული შტატები) მისი სამკაული ” Diamonds are a Girl’s Best Friend” გახდა ფინალისტი 15 საუკეთესოს შორის და ასევე 2013-ში კონკურსზე B.O.T.B’13, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს კომპანია BEADSMITH-ი მისი ყელსაბამი “Treasure of Topkapi” 194 დიზაინერის, 12 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა… ვრცელი სტატია, იტალიურ გამოცემაში BIJOUX MAGAZINE, ყდაზე ჩემივე სამკაულით (2014).

ამჟამად ვემზადები ვრცელი სტატიისათვის, რომელიც ცნობილ გერმანულ ჟურნალ PERLEN POESIE-ში უნდა დაიბეჭდოს. დაახლოებით 10 გვერდი იქნება და გარეკანზეც ჩემი სამკაული. სტატიას დაურთავენ რომელიმე სამკაულის გაკვეთილსაც (tutorial).

– შთაგონებას სად და რაში ეძებ?

– შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ყველაფერი: კარგი ამინდი, ლამაზი ყვავილი, ამაღელვებელი მუსიკა… საინტერესო ტილო, ეშხიანი ქალი… რა ვიცი, რა გამოლევს (იცინის). მთავარი იცი რა არის? რაღაცის კეთების, შექმნის სურვილი ყოველთვის მაქვს, იდეებიც, მადლობა ღმერთს, მუდმივად მოდის… როცა იდეები შემომაკლდება, ალბათ, თავს დავანებებ ამ საქმეს და სხვა რამით დავკავდები (იცინის).

– სამუშაო განწყობას როგორ იქმნი, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხარ კარგ გუნება-განწყობაზე?

– ნუ, თუ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება, საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ, ცუდი აურით დატვირთული არაფერი მჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა სამკაული იქნება ეს თუ სადილი (იცინის).

– დროთა განმავლობაში, ტექნიკის დახვეწასთან ერთად, იცვლება თუ არა შენი სტილი და გემოვნება, თუ იმ კონკრეტული მიმართულებით აგრძელებ სიარულს, რამაც უკვე გაამართლა?10709845_10203018579451664_1630647973_o

– არა,  ვცდილობ არ ჩავიციკლო (იცინის). ჩემი სამკაულები ჩემთან ერთად განიცდის ევოლუციას, გამუდმებით ვარ ახალი ხედვის, ახალ მიდგომების ძიებაში… ამ ეტაპზე მინდა რაღაც უფრო ტექნოგენური ფორმები შევქმნა, უფრო გეომეტრიული პროპორციები… ვნახოთ. რა გამოვა, ზოგადად, ექსპერიმენტები ძალიან მომწონს

– როგორ ფიქრობ, რა არის შენი ხელწერა, რით შეიძლება შენი ნამუშევრები სხვისგან გამოარჩიო?

– ჩემთვის ძნელია ამის ახსნა, მე უბრალოდ ვცდილობ ყოველ ნაკეთობაში ჩემი პატარა მე, სულის ნაწილი ჩავდო, დანარჩენი თავისით გამოდის… ისე, ამბობენ, რომ მე ყველაზე თავისუფალი ხელწერა მაქვს, ანუ თამამი ვარ იდეებში, მასალის კომბინირებაში და განსაკუთრებით ფერთან მიმართებაში… ასიმეტრია, თავისუფლება ფერთან და მასალასთან, ყველაზე მეტად ალბათ ეს ახასიათებს ჩემს სამკაულებს…

– საყვარელი საქმის გარდა, რა არის შენთვის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?

– ინტერესები ბევრი მაქვს, კინოს გამოვყოფდი განსაკუთრებით, მეორე პროფესიით კინომცოდნე ვარ… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ნოდარია… ის 21 წლისაა, საოცარი ადამიანია – ის ჩემი შვილიცაა და, იმავდროულად, საუკეთესო მეგობარიც. ბედნიერი ვარ, რომ როგორც დედა, თავს ნამდვილად წარმატებულად და რეალიზებულად ვგრძნობ…

გიორგი მიქაძე

974680_10203018579611668_1701629784_n

1092532_10203018580371687_1277086122_o

10577903_10203018579651669_1558264474_o

10676496_10203018579411663_877899354_o

10676558_10203018579571667_1611828250_o

10681707_10203018580091680_765159295_n

10685888_10203018579731671_285660773_o

10705002_10203018580171682_569157807_n

10707383_10203018579331661_487195443_o

10709993_10203018580011678_1698384863_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები