მცხეთა-მთიანეთში ერთ-ერთ ტექინსპექტირების ცენტრში, მოქალაქეს ყალბი დადებითი შეფასებისთვის დამატებით 250 ლარი გამოართვეს – 3 პირის მიმართ გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი პირი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები