მხატვარი საიმონ ბერგერი – შუშაზე ბზარებით შექმნილი ხელოვნება

რას აღარ იყენებენ თანამედროვე ხელოვანები, რათა მაყურებლამდე თავიანთი იდეა მიიტანონ. უკვე აღარავის აკვირვებს პორტრეტები მტვრისგან ან აბსტრაქტული კომპოზიციები ტუალეტის ქაღალდისგან, მაგრამ, ის, რასაც შვეიცარიელი ხელოვანი საიმონ ბერგერი აკეთებს, ყველას აოცებს.

ბერგერი შედევრებს შუშის გაბზარვით ქმნის. ადამიანის პორტრეტების ან სხვადასხვა ობიექტის შესაქმნელად, ბერგერი შუშაზე სპეციალურ ხელსაწყოს ურტყამს და ბზარების ქსელიც ასე ჩნდება.

ეს ძალიან რთულია, ვინაიდან საჭიროა არა მხოლოდ დარტყმის ადგილის ზუსტი გამოთვლა, არამედ დარტყმის ძალის და კუთხის გათვალისწინებაც. შუშა, რომელსაც ხელოვანი იყენებს, განსხვავებულია. ის ძალიან მყარია, რათა დარტყმისას ნაწილებად არ დაიშალოს და ამავდროულად, კარგად გაიბზაროს.

ხანდახან ბერგერი მოცულობით ნახატებს ქმნის და რამდენიმე დამუშავებულ შუშას ერთ კომპოზიციაში აერთიანებს. საიმონ ბერგერი მუშაობას ადამიანის ან საგნის იმ ფოტოდან იწყებს, რომლის შუშაზე გადატანასაც გეგმავს. ფოტო ფლომასტერით გადააქვს და ზუსტად ნიშნავს ადგილებს, სადაც სპეციალური ხელსაწყო უნდა დაარტყას.

ეს მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან მასალა, რომელსაც ხელოვანი ხმარობს, შეცდომებს მეორე შანსს არ იძლევა.

ბერგერის ხელოვნება გასაოცარია. ამ ნამუშევრების შემყურე ვერ დაიჯერებ, რომ ხელოვნებით ცოტა ხნის წინ დაკავდა. ის, თავისი უჩვეულო ტექნიკით, ძალიან მალე შეამჩნიეს და ახლა საკმაოდ ბევრი დამკვეთი ჰყავს.

ხშირ შემთხვევაში, ბერგერს მაღაზიის და რესტორნების მფლობელები მიმართავენ, რომელთაც თავიანთი ვიტრინების გალამაზება სურთ.

მხატვარი თვლის, რომ უნდა განვითარდეს და მისი ნამუშევრები ჯერ კიდევ შორს არის იდეალურისგან. ის მუდმივად აუმჯობესებს და ცდის მინის ახალ ტიპებს, ხელსაწყოებს და დარტყმის ტექნიკას. ოსტატი თავს ხელოვნებაში ახალი მიმართულების ფუძემდებლად თვლის და ოცნებობს, შექმნას სპეციალური სკოლა, სადაც ამ საქმეს სხვებსაც შეასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები